„ბრაზილიელი ტრამპი“ დამარცხდა - ქვეყნის სათავეში ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვამ დაბრუნდა

ლუის ინასიუ ლულა და სილვა

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.

BBC-ის ცნობით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მემარცხენე ლიდერმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ არჩევნებში ხმების 50.83%-ი, ჟაირ ბოლსონარუმ კი - 49.17% მოიპოვა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ. ნასამართლეობის გაუქმებამდე, ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა. 2021 წელს, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა. 

67 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2018 წლიდან. ბოსლონარუმ, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს“ უწოდებენ, მსოფლიოში სახელი გაითქვა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა დაავადება COVID-19-ს არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევდა, სხვა ქვეყნების მთავრობებს შეზღუდვების გამო დასცინოდა და აცრაზეც უარი თქვა. ბრაზილია კოვიდის ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა. საარჩევნო კამპანიის დროს, ბოლსონარუ მის კონკურენტს „ბანდიტს“ უწოდებდა.

77 წლის ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-2010 წლებშიც. მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე, როცა პარტიული საქმიანობა დაიწყო, და სილვა იყო პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერი, მეტსახელად "ლულა", რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად სახელადაც აიღო.

ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს ბრაზილიის მეზობელი სახელმწიფოების და აშშ-ის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა.

ახალი პრეზიდენტი ფიცს 2023 წლის 1-ელ იანვარს დადებს.