ბოსნია და ჰერცეგოვინის პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, მათ შორის მისი ლიდერის, მილორად დოდიკის დაკავების განკარგულება გასცა

მილორად დოდიკი

ბოსნია და ჰერცეგოვინის პროკურატურამ სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის, მათ შორის მისი ლიდერის, მილორად დოდიკის დაკავების განკარგულება გასცა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ბალკანური სამსახური ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ასევე გაცემულია სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რადოვან ვიშკოვიჩისა და ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ნენად სტევანდიჩის დაკავების განკარგულება.

ბოსნია და ჰერცეგოვინის პროკურატურა მათ საკონსტიტუციო წესრიგის ხელყოფაში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, დღეს ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალ სერბთა რესპუბლიკის ეროვნულ კრებას კონსტიტუციის პროექტი უნდა განეხილა, რომლის სამუშაო ვერსიის თანახმადაც, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს თვითგამორკვევის და საკუთარ არმიის შექმნის უფლების განსაზღვრას.

გასული თვის ბოლო ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა საერთაშორისო დესპანის ბრძანებების შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, მილორად დოდიკმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს და სამშვიდობო საერთაშორისო დესპანის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებები შეაჩერა.

მანამდე, იანვარში აშშ-მა სანქციები დაუწესა მილორად დოდიკს და სხვა პირებს სეპარატისტული დღის წესრიგის გატარებისთვის.