წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768759702
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის ვერმოპოვების გამო „თავს ვალდებულად აღარ გრძნობს, მხოლოდ მშვიდობაზე იფიქროს“.
გამოცემის ცნობით, ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ რვაზე მეტი ომი დაასრულა, თუმცა ნობელის მშვიდობის პრემია მაინც არ მისცეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ თქვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ მოეცა ჩემთვის ნობელის მშვიდობის პრემია რვა „პლუს“ ომის შეჩერებისთვის, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, მხოლოდ მშვიდობაზე ვიფიქრო“, -აღნიშნავს თეთრი სახლის ლიდერი თავის გზავნილში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახლა მას შეუძლია, იფიქროს იმაზე, „რა არის კარგი და სწორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.
„მსოფლიო უსაფრთხო არ იქნება, თუ გრენლანდიაზე სრული და ტოტალური კონტროლი არ გვექნება“, - აღნიშნავს ტრამპი.
ნობელის მშვიდობის პრემიას ოსლოში ნობელის კომიტეტი გასცემს. როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ნორვეგიის მთავრობას ამ პროცედურაზე გავლენა არ აქვს და მან ეს ტრამპს რამდენჯერმე აუხსნა.