პესკოვი: პუტინმა დიპლომატიური არხებით აშშ-სგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა მიიღო, წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ

დიმიტრი პესკოვი

პუტინმა აშშ-სგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას განიხილავენ.

„პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო მიწვევა დიპლომატიური არხებით ამ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ. ამჟამად ჩვენ წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ. იმედი გვაქვს, დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ყველა დეტალის გასარკვევად“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გრენლანდიის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.

„ზოგადად, ბოლო დღეებში ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია შემოდის. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით და ვაანალიზებთ ყველაფერს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, უდავოდ, მსოფლიოს ისტორიაში შევა, თუ ის გრენლანდიის ანექსიის საკითხს გადაწყვეტს.

„აქ ალბათ შეგვიძლია, გვერდზე გადავდოთ, კარგია ეს თუ – ცუდი, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს. არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრენლანდიის ანექსიის საკითხის გადაწყვეტით, ტრამპი უდავოდ ისტორიაში შევა. არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. ვიმეორებ, იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი, ძნელია, არ დაეთანხმო ამ ექსპერტებს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.