1692302192
ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ტიმურ მინდიჩმა საკუთარი სახლის ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინა დატოვა -უკრაინული მედია
ბიზნესმენმა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირე ტიმურ მინდიჩმა უკრაინა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინდიჩის სახლში ჩატარებულ ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
2024-2025 წლებში მინდიჩის სახელი უფრო ხშირად გამოჩნდა ანტიკორუფციული გამოძიებების კონტექსტში. მაგალითად, 2025 წლის ივლისში ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მინდიჩთან დაკავშირებული სტრუქტურა შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ სახელმწიფო სახსრების შესაძლო მითვისების გამოძიებაში. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინდიჩი შესაძლოა, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) სამიზნე გამხდარიყო.
2025 წლის ივლისის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავსტრიაში იმყოფებოდა და შესაძლოა გამოძიებას ემალებოდა. ბიზნესმენის სახელი ასევე ფიგურირებდა საკამათო კანონპროექტ №12414-ის კონტექსტში, რომელიც გააკრიტიკეს ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობის შელახვის გამო.
როგორც უკრაინული მედია წერს, ბიზნესწრეებში მინდიჩი ცნობილია, როგორც კარგი კავშირების მქონე პიროვნება. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მას მჭიდრო კავშირები აქვს ბიზნესმენ იგორ კოლომოისკისთან, ასევე უკრაინის პოლიტიკურ ელიტასთან. ინტერნეტში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ მინდიჩმა გააცნო მაშინდელი შოუმენი, ვოლოდიმირ ზელენსკი კოლომოისკის, როდესაც ზელენსკი ჯერ კიდევ „კვარტალ 95“-ში მუშაობდა.











