Berliner Zeitung: კორუფციის შოკი ბრიუსელში - ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, კაია კალასზე ზეწოლა იზრდება

კაია კალასი

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში კორუფციული სკანდალი ფართოვდება. ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასზე ზეწოლა იზრდება, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung.

"ბრიუსელში დაძაბულობაა. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურში (EEAS) მანიპულირებული ტენდერების გარშემო კორუფციული სკანდალი ევროპულ კვარტალში სულ უფრო მეტად ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი დააკავეს, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი, ყურადღების ცენტრში ახლა კიდევ ერთი პიროვნებაა: კაია კალასი, ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში." - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, გამოძიება კალასის ევროკავშირის მთავარ დიპლომატად დანიშვნამდე პერიოდის შესახებ ტარდება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მისი როლის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში გაჩნდა.

"EEAS, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. ახლა კი, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტში ფასადები ინგრევა, კრიზისის მართვა მისი მხრიდანაც, სულ უფრო დეტალური განხილვის საგანი ხდება." - წერს Berliner Zeitung

კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოგერინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებმა, არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კარგ მუშაობაზე“. თუმცა, როგორც Berliner Zeitung-სთვის გახდა ცნობილი, ზოგიერთი თანამშრომელი კალასის მემორანდუმს კრიტიკულად უყურებს. ზოგადი განწყობაა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სურს კორუფციის საქმისგან რაც შეიძლება მალე დისტანცირება. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, კალასის „სრული გამჭვირვალობის“ შესახებ დახურულ კარს მიღმა გაცემულ დაპირებას სკეპტიციზმით შეხვდნენ. რამდენიმე თანამშრომელი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ შიდა კონტროლის სტრუქტურების შესახებ თითქმის არანაირი დეტალი არ გამოქვეყნებულა. ისინი მიუთითებენ, თუ როგორ მოხდა სავარაუდო მანიპულაციები და რატომ არ იქნა ყურადღება მიქცეული ბოლო წლებში გამაფრთხილებელ ნიშნებზე.

კრიტიკულად განიხილება კალასის მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მინიშნებაც. კითხვა, თუ რატომ გახდა ასეთი ზომები აუცილებელი მხოლოდ მისი მანდატის ფარგლებში და იყო თუ არა სააგენტო სტრუქტურულად კორუფციისადმი მიდრეკილი მანამდე, პასუხგაუცემელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასი ამჟამად პოლიტიკური ზიანის შეზღუდვას ცდილობს, ევროპარლამენტში მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფები, ამჟამინდელ კორუფციულ სკანდალს ბრიუსელის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე კრიტიკის გასავრცელებლად იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ევროკომისიის მხრიდან ჯერჯერობით მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ.

"ბოლო თვეების განმავლობაში, კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის უკვე მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმარჯვა," - ვკითულობთ სტატიაში, სადაც ასევე საუბარია კალასის კრიტიკოსების მტკიცებაზე, რომ სკანდალი ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ევროპარლამენტარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სანდოობას და ზოგადად, საზოგადოების ნდობას. ეს ყველაფერი კი ხდება "ისედაც მგრძნობიარე დროს, როდესაც ევროკავშირი ძალიან სუსტ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია.

„Berliner Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კაია კალასი, რომელიც წარსულში კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის დამცველად წარმოაჩენდა თავს, გამოძიებების გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა. გამოცემის ცნობით, ისიც ხშირად აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამსახურში სტრუქტურული სისუსტეები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა.