ბენჟამენ ადადი: ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შეთანხმება დროებით სტაბილურობას მოუტანს ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც ამერიკული ტარიფების გაზრდის საფრთხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ეს დაუბალანსებელია

ბენჟამენ ადადი

საფრანგეთი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმებით უკმაყოფილოა.

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამენ ადადმა შეთანხმება „დაუბალანსებლად“ შეაფასა.

„ევროკომისიისა და აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული სავაჭრო შეთანხმება დროებით სტაბილურობას მოუტანს ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც ამერიკული ტარიფების გაზრდის საფრთხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ეს დაუბალანსებელია“, – წერს ადიდი სოციალურ ქსელში.

ადადის განცხადებით, შეთანხმებას აქვს დადებითი მხარეებიც – ის ტარიფებისგან ათავისუფლებს საფრანგეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სექტორებს: ავიაციას, სპირტიან სასმელებს და ფარმაცევტულ სფეროს. თუმცა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის აზრით, შეთანხმებამ არ გაითვალისწინა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორები.

ბენჟამენ ადადი მოუწოდებს ევროპას, ფოკუსი გადაიტანოს საკუთარ თავზე: მასშტაბურად შეამციროს სტანდარტები და რეგულაციები, გააღრმაოს შიდა ბაზარი, გადახედოს ევროკომისიის სახელმწიფო დახმარებისა და კონკურენციის პოლიტიკას, რათა დაიცვას კრიტიკული ინდუსტრიები არაკეთილსინდისიერი საერთაშორისო კონკურენციისგან.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ბოლო სულელები წესების თამაშში, რომელსაც არავინ პატივს არ სცემს“, – წერს ადადი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.