ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას არ ითვალისწინებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე თანხმობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე დათანხმებას არ ნიშნავს.

ამასთან, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ტრამპის ინიციატივაში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არაფერი წერია.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეთანხმა თუ არა ისრაელი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „აბსოლუტურად არა. ეს შეთანხმებაშიც არ არის ჩაწერილი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ პალესტინის სახელმწიფოს წინააღმდეგობას გავუწევდით. პრეზიდენტმა ტრამპმა კი თქვა, რომ ეს ესმის. მან ასევე გაერო-ში განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ტერორიზმისთვის უზარმაზარი ჯილდო და საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავთანხმდებით.“

რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტს, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას „ისტორიული“ უწოდა, ტრამპის გეგმაზე თანხმობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ვიზიტის შედეგს „გამარჯვებად“ მიიჩნევს.

„ეს იყო ისტორიული ვიზიტი. „ჰამასის“ მიერ ჩვენი იზოლირების ნაცვლად, სიტუაცია შევცვალეთ და „ჰამასი“ იზოლაციაში მოვაქციეთ. ახლა მთელი მსოფლიო, მათ შორის არაბული და მუსლიმანური სამყარო ზეწოლას მოახდენს „ჰამასზე“, რომ ის დაეთანხმოს პრეზიდენტ ტრამპის პირობებს: ყველა გატაცებული მძევლის, როგორც ცოცხალის, ასევე გარდაცვლილის დაბრუნება და ისრაელის თავდაცვის ძალების ტერიტორიის უმეტეს ნაწილში დატოვება“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა არ გამორიცხავს პალესტინის ადმინისტრაციის ღაზის მმართველობას მომავალში. ნათქვამი იყო ისიც, რომ გეგმის მიხედვით, პალესტინელებს შეიძლება, მიეცეთ საკუთარი სახელმწიფო, მაგრამ მხოლოდ ღაზის წარმატებით აღდგენის და პალესტინის ადმინისტრაციაში კეთილსინდისიერი რეფორმების შემდეგ.