13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის ომმა კონტინენტი ისეთ რეალობაში დააბრუნა, რომელიც წარსულს ჩაბარებული გვეგონა - დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით კონფლიქტმა ისტორიულ მასშტაბებს მიაღწია, - წერს ბელგიური გამოცემა RTBF სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: რუსეთის შეჭრიდან ოთხი წლის შემდეგ - უზარმაზარი დანაკარგები და გაურკვეველი გამოსავალი“.
ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით ორი მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, მსხვერპლის რაოდენობა უკრაინული მხრიდან 600 000-ს შეადგენს, ხოლო რუსული მხრიდან - 1.2 მილიონს.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ დიდ სახელმწიფოს, ახლოსაც კი, არ განუცდია დაღუპულთა და დაჭრილთა ამდენად დიდი რაოდენობა“, - ხაზგასმულია კვლევაში. ეს ციფრები შთამბეჭდავია იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარე მკაცრად აკონტროლებს კომუნიკაციას და ძალიან ცოტა ინფორმაციის გაჟონვის საშუალებას იძლევა.
4 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრონტზე 55 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ეს ოფიციალური მონაცემებია, რომელიც სიფრთხილით უნდა იყოს მიღებული, რადგან რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ბევრად მაღალია.
იანვრის ბოლოს CSIS-ი აცხადებდა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, 100 000-დან 140 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
უკრაინის მთავრობა ძირითადად ბრძოლის ველზე „დადასტურებული“ დაღუპულების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს. დამოუკიდებელი შეფასებები კი ასევე ითვალისწინებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ან სამედიცინო ევაკუაციის შემდეგ გარდაცვლილ ჯარისკაცებს.
„გარკვეული რაოდენობის ცხედრები, უბრალოდ, მიტოვებულია, განსაკუთრებით შეტევის დროს. სანამ ცხედარი ნაპოვნი არ არის, ის აღრიცხვაში არ ხვდება“, - განმარტავს გენერალი დომინიკ ტრინკანი.
ეს სხვაობა ასევე ასახავს კომუნიკაციის სტრატეგიას - უსაფრთხოების, მორალური და დიპლომატიური მიზეზების გამო, უკრაინის ხელისუფლება ყოველთვის არ გასცემს სრულ ან რეალურ დროში არსებულ მონაცემებს.
რუსეთი შეჭრის პირველი თვეების შემდეგ აღარ აქვეყნებს რეგულარულ მონაცემებს თავისი სამხედრო დანაკარგების შესახებ. ბოლო ოფიციალური მონაცემები 2022 წლის სექტემბრით თარიღდება, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 000-ზე ნაკლები დაღუპულის შესახებ განაცხადა - ციფრი, რომელიც საერთაშორისო ანალიტიკოსების მიერ მნიშვნელოვნად შემცირებულად არის მიჩნეული.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის ძალებმა დაახლოებით 415 000 დანაკარგი (დაღუპულები და დაჭრილები) განიცადეს, რაც საშუალოდ დღეში 1 130 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს არის სადაზვერვო შეფასებები და არა სახელობითი აღრიცხვა.
უკრაინაში მთავრობა შეიარაღებული ძალების შესავსებად მასობრივ მობილიზაციას ეყრდნობა. 18 წლის ასაკში ყველა ახალგაზრდა მამაკაცი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება. თავად მობილიზაციის ასაკი კი 2024 წელს 27-დან 25 წლამდე შემცირდა. თუმცა, მიზნად კვლავ ახალი თაობის შენარჩუნება რჩება.
„უკრაინამ გადაწყვიტა, საბრძოლველად არ გაიწვიოს 25 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდები. ეს არის პრევენციული ღონისძიება ქვეყნის შემდგომი აღორძინების შესაძლებლობისთვის, თუმცა ფაქტია, რომ ეს უკრაინული შენაერთების რიცხოვნობის მხრივ პრობლემას ქმნის“, - აცხადებს გენერალი ტრინკანი.
საკუთარი ძალების შესავსებად რუსეთი რამდენიმე მეთოდს აერთიანებს. ქვეყანა, პირველ რიგში, ეყრდნობა სავალდებულო გაწვევას. ეს არის იძულებითი, თუმცა კანონიერი რეკრუტირება, რომელიც ყოველწლიურად 18-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცებს ეხება. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გაიგზავნონ ფრონტზე.
ორივე ბანაკის სამხედრო ამბიციები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. რუსეთი უპირატესობას ანიჭებს გამოფიტვაზე გათვლილ ომს, რომელიც ბევრად სცილდება უშუალოდ ბრძოლის ველს. მოსკოვი ზრდის დრონებითა და რაკეტებით დარტყმების რაოდენობას უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამოქალაქო და სტრატეგიულ სამიზნეებზე: ელექტროქსელებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკურ ცენტრებსა და მომარაგების გზებზე.
მიზანი ნათელია: ზურგის ხანგრძლივად დასუსტება, დეფიციტის შექმნა, დაღლილობის დათესვა და მოსახლეობის მორალური მდგომარეობის შერყევა. კრემლი იმედოვნებს, რომ ამგვარად წნეხი არა მხოლოდ ფრონტიდან, არამედ თავად უკრაინული საზოგადოებიდან წამოვა, რაც აიძულებს სამოქალაქო პირებს, საკუთარ ლიდერებს დათმობები ან სულაც კაპიტულაცია მოსთხოვონ. ეს სტრატეგია ნაკლებად ისახავს მიზნად გადამწყვეტ გარღვევას, მისი გათვლა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში თანდათანობით გამოფიტვაზეა.
კიევი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს ფრონტის ხაზის შენარჩუნებასა და რუსული შეტევების შეკავებას, პარალელურად კი მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას. უკრაინული არმია დღეს მეტწილად თავდაცვით პოზიციაშია, რაც მას საშუალებას აძლევს, შეამციროს საკუთარი ცოცხალი ძალის დანაკარგები იმ რუსული არმიის პირისპირ, რომელიც იძულებულია განახორციელოს მძიმე და ძვირადღირებული იერიშები.
რუსეთი კვლავ ფლობს მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, თუმცა ეს სულ უფრო იძულებითი რეკრუტირებისა და მზარდი სოციალური ფასის ხარჯზე ხდება. უკრაინა, თავის მხრივ, მჭიდროდ არის დამოკიდებული დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერაზე, როგორც თავდაცვითი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, ისე რუსული ინფრასტრუქტურის სიღრმეში დასარტყმელად.