„მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
1771955660
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია. ასეთი პასუხი გასცა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა კიევში პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, 2027 წლამდე უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
„უნდა ითქვას, რომ უკრაინა გამორჩეულ წარმატებას ავლენს აუცილებელი რეფორმების გატარების სისწრაფით. ეს რთული რეფორმებია, არ არის მარტივი. საჭიროა მრავალი ადამიანის დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მათ, ქვეყნის მოდერნიზებას. ძალიან შთამბეჭდავია ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც უკრაინა აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენისთვის ომშია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, კარგად ესმის, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული თარიღი.
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული თარიღი. თარიღი, რომელიც თქვენ დაადგინეთ, თქვენი ორიენტირია, რომელსაც გინდათ, მიჰყვეთ. იცით, რომ ჩვენი მხრიდან თარიღების განსაზღვრა თავისთავად შეუძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა თქვენი მიზნების მიღწევაში, აბსოლუტურად თვალსაჩინოა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინის ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი დაადგინოს. „მინდა თარიღი. ვითხოვ ამას. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მომავალი თაობა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც რუსეთი 50 წლით დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.