1747838277
ბელგიის ხელისუფლება კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების გამო ხუთი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც ეხება, სავარაუდო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობას და, რომელიც დაკავშირებულია ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან.
მოთხოვნა ეხება ხუთ პარლამენტარს, მათგან სამი – ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრია, ერთი სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) ჯგუფს წარმოადგენს და ერთი – Renew Europe-დანაა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ, ევროპარლამენტის ოფისებში ჩატარებული ჩხრეკების შემდეგ დაიწყო.
ბელგიის პროკურატურამ ბრალი წაუყენა რვა პირს, რომლებსაც ფულის გათეთრებაში, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
ევროპარლამენტარების წინააღმდეგ ბრალდებები ეხება მათ სავარაუდო მონაწილეობას კორუფციაში, Huawei-ს სასარგებლოდ ლობირებისა და ჩინური კომპანიისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობის მხარდაჭერის სანაცვლოდ.
გამოძიებაში ჩართული ევროპარლამენტარების სრული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ რამდენიმე პარლამენტარმა ინფორმაცია დაადასტურა. კერძოდ, ესენია – იტალიელი სალვატორე დე მეო (EPP), მალტელი დანიელ ატარდი (S&D) და ბულგარელი ნიკოლა მინჩევი.
„ეს დაკავშირებულია ჩემი ყოფილი თანაშემწის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან. ბელგიის პროკურატურას არ წაუყენებია რაიმე კონკრეტული ბრალდება ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სურს, შეამოწმოს, ხომ არ მომხდარა რამე უკანონო“, – განაცხადა ნიკოლა მინჩევმა.
ამასთან, ნიკოლა მინჩევი ამბობს, რომ დაესწრო ფეხბურთის მატჩს, რომლის ბილეთები მოიპოვა მის ყოფილ თანაშემწესთან დაკავშირებულმა პირმა, რომელსაც კავშირები ჰქონდა კომპნია Huawei-სთან. ევროდეპუტატი მოითხოვს, რომ მას იმუნიტეტი, რაც შეიძლება მალე მოეხსნას და გამოძიებამ დაადგინოს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია.
მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადებს იმ ევროპარლამენტარების სახელებს, რომელთა იმუნიტეტის მოხსნასაც ბელგიის მთავრობა ითხოვს.