ბელგია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს

მაქსიმ პრევო

ბელგია, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ბელგია აღიარებს პალესტინას გაერო-ს სესიაზე! ისრაელის წინააღმდეგ წესდება მკაცრი სანქციები. ნებისმიერი ანტისემიტიზმი ან ტერორიზმის დიდება „ჰამასის“ მხარდამჭერების მხრიდან ასევე მკაცრად დაიგმობა“, – წერს მაქსიმ პრევო.

პრევოს განცხადებით, პალესტინა უდავოდ გახდება საერთაშორისო არენაზე ბელგიის მიერ აღიარებული სახელმწიფო, თუმცა ამ გადაწყვეტილების სამეფო ბრძანებით ოფიციალური გაფორმება მოხდება მხოლოდ „ჰამასის“ მიერ ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ და იმ პირობით, რომ „ჰამასი“ პალესტინის მართვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ბელგია აწესებს 12 შემზღუდავ ზომას, მათ შორისაა ისრაელის ახალ დასახლებებში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ისრაელური კომპანიებისგან სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა, ასევე ისრაელის ორი მინისტრის, ისრაელის დასახლებების რამდენიმე მცხოვრებისა და „ჰამასის“ ლიდერების „შავ სიაში“ შეყვანა.

როგორც მაქსიმ პრევომ განაცხადა, ბელგიამ ისრაელსა და „ჰამასზე“ ზეწოლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო პალესტინის ჰუმანიტარული ტრაგედიის, განსაკუთრებით ღაზის სექტორში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ისრაელის ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

საფრანგეთი, კანადა, გაერთიანებულ სამეფო და ავსტრალია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გამოცხადებას გეგმავენ. გაერო-ს გენერალური ასამბლეა ნიუ იორკში მომდევნო კვირაში იხსნება.