ბელარუსში რუსული ზებგერითი სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს

სარაკეტო კომპლექსი

ბელარუსში რუსული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი ზებგერითი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ბელარუსის რესპუბლიკაში გადასატანი საგრუნტე სარაკეტო კომპლექსით „ორეშნიკით“ აღჭურვილი ქვედანაყოფის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენების საზეიმო ცერემონია გაიმართა“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირადი შემადგენლობა საბრძოლო პატრულირების ახალ რაიონებს უკვე სწავლობს.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვმა მინსკს „ორეშნიკის“ რამდენიმე კომპლექსი გადასცა. კონკრეტულად სად განთავსდა ახალი შეიარაღება, ცნობილი არ არის.

„ორეშნიკის“ შესახებ საჯაროდ პირველად 2024 წლის 21 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი იარაღი გამოყენებული იყო დნეპრში მდებარე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე დარტყმისთვის.