ბელა ჰადიდი მუსტაფას მუსიკალურ ვიდეორგოლში – “Gaza Is Calling”

ბელა ჰადიდი

 მუსტაფამ ახალი ემოციური სინგლი და ვიდეო, სახელწოდებით “Gaza Is Calling” გამოუშვა. კანადაში დაბადებულმა სუდანელმა მუსიკოსმა და პოეტმა სიმღერა 2020 წელს დაწერა. ის მუსტაფას ბავშვობის მოგონებას, ღაზელ ბიჭთან მეგობრობას და იძულებით გადაადგილებით გამოწვეულ მწუხარებას ეძღვნება. ისტორია და მისი განცდები პალესტინელი მსახიობის, ჰიამ აბასის, რეჟისორობით გადაღებულ ვიდეოში თვალსაჩინოდ არის გადმოცემული, რომელშიც ბელა ჰადიდიც იღებს მონაწილეობას. მუსტაფას თქმით, “Gaza Is Calling”-ის ვიდეოს შექმნაში ჩართვა სუპერმოდელს პირველად 2022 წელს შესთავაზა.

“”Gaza Is Calling” მეგობრობით განცდილ ჩემს პირველ გულის ტკივილს შეეხება,” – განაცხადა მუსტაფამ. როდესაც ის 11 წლის იყო, ტორონტოში პალესტინელ ბიჭთან დაახლოვდა. “ამ სიყვარულმაც კი ვერ გადაწონა ის ძალმომრეობა, რომლის წინააღმდეგებიც ვიყავით. საბოლოოდ, დაღვრილი სისხლის შედეგად, ერთმანეთს ცრემლების გარეშე ვეღარ ვნახულობდით, ერთ-ერთ ბოლო წერილში კი, რომელიც მან გამომიგზავნა, იმის შესახებ მწერდა, შემდეგ ცხოვრებაში როგორც ვიქნებოდით.”

ვიდეოში ბელა და 15 წლის ღაზელი რეპერი MC Abdul, რომლებიც დედა-შვილს განასახიერებენ, მწუხარებას მოიცვავს. მზერას ძველ ფოტოებს აპყრობენ და დადარდიანებულები სხედან. პარალელურად ჩნდება კადრები, რომლებზეც ჯენინში დევნილთა განადგურებული ბანაკის ფონზე ბავშვები – ისრა აჰმედი და მისი ძმა ჩნდებიან. ისტორიები ერთმანეთთან იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები ერთმანეთისგან დაშორებით ვითარდება.

 

 

 

 “Gaza Is Calling”-ის გამოსვლით მიღებული წმინდა მოგება პალესტინელ ბავშვთა დახმარების ფონდში გადაირიცხება, რომელიც საკვებით, ჯანდაცვითა და სხვა სერვისებით უზრუველყოფს ღაზას, სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ – როდესაც ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა ჯგუფების მიერ განხორციელებული სწრაფი იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა – ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 37000 ადამიანი იქნა მოკლული.