BBC: სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება დრამატული წინააღმდეგობის შემდეგ გადაიდო

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი

სამხრეთ კორეის გადაყენებული პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის დაცვასთან ექვსსაათიანი დრამატული წინააღმდეგობის შემდეგ ქვეყნის პოლიციამ მისი დაკავება გადადო. ინფორმაციას BBC სამხრეთკორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედროებმა და იუნ სუკ იოლის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ცოცხალი კედელი შექმნეს და სატრანსპორტო საშუალებებით მის დასაკავებლად მისულ პოლიციელებს გზას უღობავდნენ.

ბრიტანული ტელეარხი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ბრალდებულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ამბოხის მცდელობაში, როცა მან გასული წლის დეკემბრის დასაწყისში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მისმა ამ ნაბიჯმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, და პარლამენტმა ის იმპიჩმენტის წესით გადააყენა.

კვირის დასაწყისში სეულის სასამართლომ იუნ სუკ იოლის დაკავების ორდერი გამოსცა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე მისვლაზე სამჯერ უარი განაცხადა.

BBC-ს ცნობით, იუნ სუკ იოლი დაკავების შემთხვევაში სამხრეთ კორეის ისტორიაში გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.