BBC: ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

იაპონია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩი დაიბარა და საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება სთხოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბრიტანული ტელეარხი წერს, ჩინეთმა და იაპონიამ სიტყვიერი ომი გააჩაღეს მას შემდეგ, რაც იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, ის „არსებობის საფრთხეს“ აამოქმედებს.

ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთმანეთს სერიოზული პროტესტი გამოუცხადეს. იაპონიის ქალაქ ოსაკაში ჩინეთის გენერალური კონსული სუე ცზიანი იაპონიის პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა შემდეგი სიტყვებით: „ბინძური თავი, რომელიც ცხვირს ყოფს, უნდა მოიკვეთოს“.

ცნობისთვის, „არსებობის საფრთხე“ იურიდიული ტერმინია იაპონიის 2015 წლის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, რომელიც ეხება იმ შემთხვევას, როდესაც მოკავშირეებზე შეიარაღებული თავდასხმა არსებით საფრთხის ქმნის იაპონიისთვის. ასეთ სიტუაციაში, საფრთხის საპასუხოდ, შესაძლოა, იაპონიის თავდაცვითი ძალები გააქტიურდნენ.