1735285236
აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოვარდნის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანია El Al რუსეთში ფრენებს აჩერებს
ისრაელის ეროვნულმა ავიაგადამზიდმა El Al-მა რუსეთში ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელ-ავივსა და მოსკოვს შორის რეისები მომდევნო კვირის განმავლობაში არ შესრულდება.
„მომდევნო კვირას სიტუაცია ხელახლა შეფასდება, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რეისების განახლების შესახებ“, – განაცხადეს კომპანიაში.
25 დეკემბერს ყაზახეთში საგანგებო დაშვებისას ჩამოვარდა „აზერბაიჯნის ავიახაზების“ ავიალაინერი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. სხვადასხვა მედიასაშუალების მრავალი წყაროს ინფორმაციით, გროზნოს რაიონში თვითმფრინავს სავარაუდოდ რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.