AXIOS: ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს, მოკავშირეებთან არსებული უთანხმოების მიუხედავად

ტრამპი საფრანგეთში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთში ივნისში გაიმართება. ინფორმაციას AXIOS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სამიტის დროს ტრამპი ისეთი საკითხების განხილვაში მიიღებს მონაწილეობას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ვაჭრობა და დანაშაულთან ბრძოლა.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ის ლიდერები „დიდი შვიდეულის“ სამიტებში ტრადიციულად მონაწილეობენ, თუმცა ტრამპის ჩასვლა საფრანგეთში გარანტირებული არ იყო, რადგან ის დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამს ისეთი ქვეყნების ქცევით, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ მის სამხედრო კამპანიას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც წყარო თეთრი სახლიდან AXIOS-ს უყვება, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე კონკრეტული ხელშეკრულებები გაფორმებული არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ტრამპი დაბადების დღეს იზეიმებს. 14 ივნისს მას 80 წელი შეუსრულდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება.