ავსტრალიელ ქალს ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩნდა - მსოფლიო მედიცინაში პირველი შემთხვევა

ტვინი- ჭია

ავსტრალიაში, კანბერას საავადმყოფოს ნეიროქირურგმა ჰარი პრია ბანდიმ თავის პაციენტს ტვინიდან 8 სანტიმეტრის სიგრძის პარაზიტული მრგვალი ჭია ამოუყვანა. ამის შესახებ The guardian სამედიცინო ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში მოთხრობილ შემთხვევაზე დაყრდნობით წერს.

„ის ცოცხალია და იკლაკნება“, - იხსენებს კანბერას საავადმყოფოს ინფექციონისტი სანჯაია სენანიაკი ზარს, რომელიც კოლეგისგან მიიღო.

სტატიის მიხედვით, 64 წლის ქალი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის შტატიდან  სამხრეთ უელსის ადგილობრივ საავადმყოფოში 2021 წლის იანვრის მიწურულს მოხვდა - მუცლის არეში სამკვირიანი ტკივილებითა და დიარეის ჩივილებით, რასაც თან მუდმივი მშრალი ხველა, ცხელება და ღამით ოფლიანობა სდევდა. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიამ  ისეთი პათოლოგიები გამოავლინა, რომლებიც ოპერაციას საჭიროებდა.

„თუმცა, ცხადია, ნეიროქირურგს საოპერაციოში შესვლისას არ უფიქრია, რომ მოძრავ ჭიას იპოვიდა. ნეიროქირურგებს ხშირად უწევთ თავის ტვინში არსებულ ინფექციებთან გამკლავება, ეს კი ისეთი აღმოჩენაა, რომელიც კარიერაში პირველად გააკეთა. ასეთ რამეს ელოდა“, - ამბობს სენანიაკი.

საავადმყოფოში სასწრაფოდ კონსილიუმი შეიკრიბა, რათა გაერკვიათ, თუ რა სახის მრგვალ ჭიასთან ჰქონდათ საქმე და რაც მთავარია, შეედგინათ პაციენტის შემდგომი მკურნალობის გეგმა.

„ჩვენ უბრალოდ სახელმძღვანელოებში დავიწყეთ მრგვალი ჭიების ყველა სახეობის ძიება, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიწვიონ ნევროლოგიური ინვაზია და დაავადება“, - ამბობს სანჯაია სენანიაკი.

როგორც The guardian წერს, ექიმთა კვლევა უშედეგო აღმოჩნდა და მათ დასახმარებლად გარეშე ექსპერტს მიმართეს.

„კანბერა პატარაა, ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ჭია ავსტრალიის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევის ორგანიზაციის (CSIRO) მეცნიერს გავუგზავნეთ ლაბორატორიაში, რომელსაც პარაზიტებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. მან, დახედა თუ არა, თქვა - ღმერთო ჩემო, ეს არის Ophidascaris robertsi“, - ამბობს სენანიაკი.

მედიკოსთა განმარტებით, Ophidascaris robertsi მრგვალი ჭიაა, რომელიც ჩვეულებრივ, პითონებში გვხვდება.

კანბერას საავადმყოფოს პაციენტი კი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელსაც ეს პარაზიტი აღმოუჩინეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, პაციენტი ცხოვრობს ტბის მახლობლად, სადაც პითონები სახლობენ. ექიმები კი ვარაუდობენ, რომ პითონმა შესაძლოა, პარაზიტი ფეკალიების საშუალებით ბალახზე გადაიტანა. სწორედ ამ ბალახთან შეხების ან მასზე მოყვანილი მწვანილის მიღების შემდეგ შეიძლება დაინფიცირებულიყო ქალი. 

ასევე ნახეთ:

„ჩემმა ცოლმა მეტყველების უნარი დაკარგა... შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ" - საბედისწერო ქორწილში გადარჩენილი ნეფე-პატარძალი, რომლებიც დაღუპულები ეგონათ

„მამაკაცის უთავო ცხედარი საწოლში მისმა დედამ იპოვა" - სასტიკი მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის ცოლია - აშშ