1770756107
აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს - ზელენსკი
აშშ-სთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან” ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიიღო აშშ-ის შეთავაზება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარების შესახებ, მაგრამ არ იცის, შეუერთდება თუ არა მას რუსეთის დელეგაცია.
ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრის დღის წესრიგში ტერიტორიული საკითხები იქნება, პირველ რიგში, აშშ-ის წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ვარიანტის მიმართ.
„არცერთი მხარე არ უჭერს მხარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას – არც რუსები და არც ჩვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. და შევთანხმდით შემდეგზე: ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით ხედვით, თუ როგორი შეიძლება, იყოს ეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი მოითხოვს, რომ აშშ-მა ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ამ ზონას.
„თუ ეს ჩვენი ტერიტორიაა, და ეს ჩვენი ტერიტორიაა, მაშინ ის უნდა მართოს ქვეყანამ, რომელსაც ის ეკუთვნის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა ჯგუფებმა შეიძლება, განიხილონ ეკონომიკური საკითხები და ამ მიზნით, დელეგაციაში შევა ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებს ეხებოდა, თუმცა მხარეებმა დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ზელენსკის განცხადებით, დისკუსიების დროს გაირკვა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში აშშ-ის მონიტორინგი იქნებოდა საჭირო, თუმცა დეტალები ჯერ არ არის შემუშავებული.
„რუსებს ერთი ფორმულირება აქვთ, ჩვენ მეორე, ხოლო ამერიკელებს მესამე. არსებობს შეთანხმება, რომ მონიტორინგი განხორციელდება, მაგრამ ასევე არსებობს შეთანხმება, რომ ფორმულირებები და დეტალები საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.









