აშშ-ში აცხადებენ, რომ ჩაშალეს ჩინეთის ჰაკერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ჰაკერებმა შეაღწიეს იუსტიციის სამინისტროში, NASA-ში, ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სენატში

აშშ ჩინეთი

აშშ-ში აცხადებენ, რომ ჩაშალეს ჩინეთის ჰაკერული ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ჰაკერებმა შეაღწიეს იუსტიციის სამინისტროში, NASA-ში, ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სენატში, ასევე სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებებში. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, უწყებამ დაბლოკა ორი ჰაკერული პლატფორმა QScan და QTRouter,  რომლებსაც, მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ კამპანიისთვის იყენებდნენ.

სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა ასევე ენერგეტიკის სამინისტროზე, ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტსა და ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტებზე.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა კანონის შესაბამისად კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ებრძვის კიბერშეტევების ნებისმიერ ფორმას.

მისივე თქმით, აშშ კიბერუსაფრთხოების საკითხებს ჩინეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პლატფორმებს მართავდა ჩინეთში დაფუძნებული კომპანია Nanjing Xinjiuwei Network Technology, რომლის კლიენტებს შორის, უწყების ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო და სახალხო განმათავისუფლებელი არმია იყო.