1736323450
აშშ-ს აღარ შეუძლია, აიტანოს უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი და სუბსიდიები, რომლებიც კანადას არსებობისთვის სჭირდება, ჯასტინ ტრუდო ამას აცნობიერებდა და გადადგა - ტრამპი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს გადადგომას ეხმიანება.
„ბევრ ადამიანს კანადაში მოსწონს 51-ე შტატად ყოფნა. შეერთებულ შტატებს აღარ შეუძლია, აიტანოს ის უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი და სუბსიდიები, რომლებიც კანადას არსებობისთვის სჭირდება. ჯასტინ ტრუდო ამას აცნობიერებდა და გადადგა. თუ კანადა შეერთებულ შტატებს შეუერთდება, გაუქმდება საბაჟო ტარიფები, მნიშვნელოვნად შემცირდება გადასახადები და ქვეყანა სრულიად დაცული იქნება რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ეხვევიან. ერთად რა დიდებული ერი იქნებოდა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ტრამპმა კანადის 51-ე შტატად გადაქცევაზე არაერთხელ განაცხადა, მათ შორის ამ საკითხზე იხუმრა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრის დროს. ტრამპმა კანადიდან შესული საქონლისთვის საბაჟო გადასახადების გაზრდის შესახებ გააკეთა განცხადებები, რაზეც ტრუდომ აღნიშნა, რომ მსგავსი საბაჟო ტარიფები კანადის ეკონომიკას დააზარალებს, რა დროსაც ტრამპმა იხუმრა, რომ თუ ასეა, კანადას შეუძლია, აშშ-ს 51-ე შტატად შეუერთდეს.