აშშ-ის სენატორი მენენდესი, რომელიც „ქართული დემოკრატიის უკუსვლით“ იყო იმედგაცრუებული, „უცხოური გავლენის აგენტი" აღმოჩნდა - Just Security

რობერტ მენენდესი

აშშ-ის სასამართლომ კონგრესის სენატის „დემოკრატი“ სენატორი რობერტ (ბობ) მენენდესი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური პორტალი Just Security ავრცელებს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი საბრალდებო ეპიზოდის თანახმად, კანონმდებელმა ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისგან ქრთამი აიღო და შესაბამისად, ეგვიპტური მთავრობის აგენტი აღმოჩნდა.

უცხოური ქვეყნის აგენტობას ამერიკის სამართლებრივ სივრცეში FARA, ანუ კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ არეგულირებს, რომელიც ჯერ კიდევ 1938 წელს კონგრესის მიერ იყო მიღებული.

მაგრამ როგორც ყოფილი ფედერალური პროკურორი ბრენდონ ვან გრეკი ამბობს, საჯარო მოხელეებს არ შეიძლება ერქვათ უცხოური გავლენის აგენტი. „საჯარო მოხელეებს არ შეუძლიათ იყვნენ უცხოური აგენტები. ტექნიკურად ეს FARA-ს ჩარჩოებს სცდება, ვინაიდან თქვენ ვერ დარეგისტრირდებით, რადგან ამის საშუალება არ გეძლევათ“, - ციტირებს გამოცემა ვან გრეკს.

მიუხედავად იმისა, რომ მენენდესი დე იურე ეგვიპტის მთავრობის ინტერესებს არ წარმოადგენდა, დე ფაქტო ის მათი გავლენის აგენტი აღმოჩნდა, - ასკვნის Just Security.

რობერტ მენენდესი იყო ერთ-ერთი იმ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან, რომლებმაც 2021 წლის თებერვალში წერილი გამოაქვეყნეს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში საფრთხეშია. მათი შეშფოთება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებით იყო გამოწვეული. მაშინ ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებდნენ, რომ „ნიკა მელიას დაკავების მიზნით, საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმმა ცხადყო რამდენად მყიფეა დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში“.