აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: იდეამ, რომ ტრამპი ახლა ვენესუელის მართვას გეგმავს, შიში უნდა აღძრას ყველა ამერიკელის გულში

ჩაკ შუმერი

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ „გაუაზრებელი“ უწოდა, რადგან არ არსებობს არც ქვეყნის მართვის გეგმა და არც კონგრესის ავტორიზაცია.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ნიკოლას მადურო არალეგიტიმური დიქტატორია. თუმცა, სამხედრო მოქმედების დაწყება კონგრესის ნებართვისა და შემდგომი ნაბიჯების სარწმუნო გეგმის გარეშე - გაუაზრებელია“, - აღნიშნა „დემოკრატმა“ სენატორმა.

მან ასევე მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, აშშ ვენესუელას იქამდე „მართავს“, ვიდრე „უსაფრთხო“ გარდამავალი პროცესი არ განხორციელდება.

„ადმინისტრაციამ სამჯერ სხვადასხვა დროს დამარწმუნა, რომ არ აპირებდა რეჟიმის შეცვლას ან ვენესუელაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას. აშკარაა, რომ ისინი ამერიკელ ხალხთან გულწრფელები არ არიან. იდეამ, რომ ტრამპი ახლა ვენესუელის მართვას გეგმავს, შიში უნდა აღძრას ყველა ამერიკელის გულში. ამერიკელ ხალხს ეს უკვე ნანახი აქვს და ამისთვის დამანგრეველი ფასიც გადაუხდია“, - დასძინა მან.