აშშ-ის მთავრობა მზადაა დაეხმაროს კოლუმბიას მიწისძვრის შემდეგ - რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობა თვალს ადევნებს კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას და მზადაა მხარდასაჭერად.

ის კოლუმბიაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, თავიანთი ადგილსამყოფელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაში ონლაინ დაარეგისტრირონ და უახლესი ინფორმაციის მისაღებად ოფიციალურ წყაროებს ადევნონ თვალი.

10 აგვისტოს დილით, ადგილობრივი დროით 07:34 საათზე, დასავლეთ კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმართან ახლოს, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 111-მდე გაიზარდა.