დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნა ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმის ყველა დოკუმენტი.
როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ამ საქმეზე აშშ-ის კონგრესისთვის საბოლოო ანგარიშის გადაცემის შემდეგ, მისი უწყების ვალდებულება ეპშტეინის საქმის დოკუმენტების გასაჯაროებასთან დაკავშირებით „სრულად იქნება შესრულებული“.
მისი თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აქვეყნებს „3 მილიონზე მეტ გვერდს დოკუმენტებიდან, ასევე 2 ათასზე მეტ ვიდეორგოლსა და 180 ათას ფოტოსურათს“.
როგორც ბლანშმა აღნიშნა, ამ მასალებში დაფიქსირებული ყველა ქალის სახე, ეპშტეინის თანაშემწის, გისლეინ მაქსველის გარდა, დაფარულია. მან დააზუსტა, რომ ყველა ეს ვიდეორგოლი და ფოტო არ არის გადაღებული ეპშტეინის ან მისი გარემოცვის მიერ; ეს მასალები ასევე მოიცავს „დიდი მოცულობით კომერციულ პორნოგრაფიას“.
„ჩვენ არ დაგვიმალავს არცერთი მამაკაცის სახე [ამ ფოტოებსა და ვიდეოებზე]“, - აღნიშნა ბლანშმა. „არ არსებობს ჯეფრი ეპშტეინის შესახებ რაიმე განსაკუთრებით საიდუმლო დოკუმენტების ნაკადი, რომელსაც ჩვენ ვმალავთ“, - დასძინა მან.
ეპშტეინი ნიუ-იორკის შტატის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2019 წლის 6 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ განაცხადა, რომ არსებობდა მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, 2002-2005 წლებში მან მანჰეტენზე მდებარე საკუთარ სახლში ათობით არასრულწლოვანი გოგონას ვიზიტი დააორგანიზა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო.
ეპშტეინის მეგობრებისა და ნაცნობების წრეში შედიოდა არაერთი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი არა მხოლოდ აშშ-იდან, არამედ მსოფლიოს მრავალი სხვა ქვეყნიდან, მათ შორის სახელმწიფოთა ყოფილი მეთაურები, მსხვილი მეწარმეები და შოუბიზნესის ვარსკვლავები.
ფინანსისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აშშ-ში მას შემდეგ შეწყდა, რაც მან 2019 წლის აგვისტოში ციხის საკანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეპშტეინის ნაცნობებს შორის იყვნენ აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ამერიკის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი დონალდ ტრამპი.