1761579368
ანტონიუ კოშტა: უახლოეს კვირებში ბრიუსელში იგეგმება ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პეკინის მიერ იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვის განსახილველად
უახლოეს კვირებში ბრიუსელში იგეგმება ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი პეკინის მიერ იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვის განსახილველად. ამის შესახებ მალაიზიაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებით, განსაკუთრებით იმ ბოლო ზომების გამო, რომლებიც ჩინეთმა მიიღო კრიტიკული ნედლეული მასალის ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით. მაღალი რანგის დელეგაცია ჩინეთიდან ჩამოვა ბრიუსელში უახლოეს კვირებში და იმედი გვაქვს, ამ საკითხებს შესაბამისად განვიხილავთ“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ ინტერვიუში.
ჩინეთის მიერ იშვიათი წიაღისეულის ექსპორტის შეზღუდვამ მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი შექმნა, რამაც გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია, განსაკუთრებით აშშ-თან.
ჩინეთი იშვიათი წიაღისეულის მსოფლიო მიწოდების 90%-ს აკონტროლებს. აღნიშნული ნედლეული არსებითი მნიშვნელობისაა მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის, მათ შორის ელექტრომანქანების, ნახევარგამტარებისა და რაკეტების.
ანტონიუ კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არის საუკეთესო პოზიციაში უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასასრულებლად. მისი თქმით, პეკინი სათანადოდ ვერ აფასებს თავის გავლენას მოსკოვზე.










