ამ სიტყვების დროს ხმა აუკანკალდა და თავი დახარა... - უცხოური მედია პრინცი ჰარის სასამართლო პროცესზე წერს

პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი სასამართლო სხდომაზე გამოსვლისას ძლივს იკავებდა ცრემლებს. სხდომაზე განიხილებოდა მისი ბრალდებები კომპანია Associated Newspapers Limited-ის მიმართ, რომელიც გაზეთ Daily Mail-ის გამომცემელია. ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Beast-ი.

ჰარის თქმით, Daily Mail-ის ჟურნალისტები მის შესახებ ინფორმაციას უკანონო მეთოდებით აგროვებდნენ. სარჩელში მოხსენიებულია 14 პუბლიკაცია, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ასეთი მეთოდები იყო გამოყენებული. პრინცის განცხადებით, ეს ყველაფერი მისი მეგან მარკლთან გაცნობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და სულ მცირე 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

მოპასუხე მხარის ადვოკატმა ჰარის ჰკითხა, რატომ არ იჩივლა მან ადრე. პასუხად პრინცმა აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსის გამო ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ოჯახი ტრადიციულად იცავს პრინციპს - „არ იჩივლო და არ განმარტო“. ჰარის თქმით, სასამართლოს გზით სიმართლის დამტკიცების მცდელობებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. მან განაცხადა, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ პრესაში მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, რამაც მისი მეუღლის ცხოვრება აუტანელი გახადა. ამ სიტყვების დროს პრინცს ხმა აუკანკალდა და თავი დახარა.

პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ვაჟია. 2020 წელს მან და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა, უარი თქვეს სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებზე და აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. ინტერვიუებში, მემუარებსა და დოკუმენტურ ფილმებში მათ ბრიტანული სამეფო ოჯახი დევნაში დაადანაშაულეს და მიანიშნეს, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს მეგანის მიმართ რასისტული გამონათქვამებიც ჰქონდა.