ამ ომს არანაირი მიზანი არ აქვს, ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაცია უბრალოდ ანადგურებს ქვეყანას - ლიბანის ეკონომიკის მინისტრი

ლიბანის ეკონომიკის მინისტრი

ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქვეყანას ანადგურებს, – ამის შესახებ ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა ამინ სალამმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა.

სალამმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა დაგმო.

„ეს იმაზე შორს წავიდა, რაც 2006 წელს მოხდა“, – განაცხადა სალამმა „სიენენთან“ საუბრისას.

როგორც ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, დარტყმა სამთავრობო სასახლიდან ორ მილზე ნაკლები მანძილის დაშორებით განხორციელდა.

„ჩვენი საავადმყოფოები, სკოლები სავსეა ხალხით, ადამიანებს ქუჩაში სძინავთ და ეს ომი გრძელდება. როგორც მე ვხედავ, ამ ომს არანაირი მიზანი არ აქვს. ის უბრალოდ ანადგურებს ქვეყანას“, – განაცხადა სალამმა.

ლიბანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ახლა ქვეყანა რთულ ვითარებაშია, რადგან მათ უნდა შეძლონ ყველაფრის აღდგენა და მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი პირობების უზრუნველყოფა.