ალენ ბერსე: ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს, უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს

ალენ ბერსეტი

ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ორმაგი სტანდარტების გარეშე, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა ჰააგაში, სადაც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა.

ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობს.

„პრეზიდენტო ზელენსკი, პრემიერ-მინისტრო, პრეზიდენტო სანდუ, მინისტრებო, დელეგატებო, ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ კონფერენციის გახსნა. ასევე დიდი პატივია, ეს ნიდერლანდებთან ერთად გავაკეთო. დიდი მადლობა ძლიერი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის თებერვლის დილას, თითქმის ოთხი წლის წინ, რუსეთმა აირჩია ომი, აგრესიის ომი. უკრაინას არ აურჩევია ეს ომი, მაგრამ მას შემდეგ ყოველდღე უკრაინა ირჩევს საკუთარი თავისა და ევროპული მომავლის უფლების დაცვას. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ უფლების დაცვა იარაღით, სადაც საჭიროა, სამართლიანობით და ღირებულებებით, როდესაც ეს შესაძლებელია. საქმე როდესაც ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებული იყვნენ. ადამიანებისთვის, რომელთა ჯანმრთელობა დაზიანდა ტრავმით და მათთვის, ვინც აღარასოდეს დაბრუნდება.

ბატონო პრეზიდენტო, გასულ ივნისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, რომ სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. 2023 წელს ჩვენ შევქმენით უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი. 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. წარდგენილია 85 000-ზე მეტი საჩივარი და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს ჩარჩოებში. ეს არის უნიკალური, საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რეპარაციების საკითხის განხილვისას.

დღეს აქ, ჰააგაში 35 ქვეყანა ხელს მოაწერს კონვენციას, რომელიც აფუძნებს საჩივრების კომისიას. ეს უპრეცედენტოა კონვენციისთვის მის პირველ დღეს, და, იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. ეს კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის მთელ მსოფლიოში, ყველა თანაბარ საფუძველზე. ისინი ყველანი აგზავნიან მკაფიო გზავნილს, რომ ყველა ზარალი უნდა დაფიქსირდეს, ყველა ზარალი უნდა აღდგეს. ანგარიშვალდებულება არის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმე, ევროპის საბჭოს ინსტიტუტმა გასულ წელს, ივლისში რუსეთი პასუხისმგებლად გამოაცხადა 2014 წლიდან უკრაინაში ფართოდ გავრცელებული დარღვევებისთვის. ესაა განაჩენი, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სამართალს მომავალი წლების განმავლობაში.

ასევე ვხედავთ ანგარიშვალდებულებას მიმდინარე სამუშაოებში, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. ანგარიშვალდებულება არ შეიძლება იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში მეორეხარისხოვანი საკითხი. ანგარიშვალდებულება არის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ცენტრალური ასპექტი, მაგრამ არა ერთადერთი. არჩევნები, ბავშვები, უმცირესობათა ენები, ფუნქციური ომის შემდგომი სასამართლო სისტემა, მძლავრი ანტიკორუფციული ჩარჩო ინვესტიციებისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად – ეს სფეროებია, რომლებსაც მოიცავს ევროპის საბჭოს უკრაინის სამოქმედო გეგმა. ეს არის სფეროები, სადაც უკრაინას შეუძლია, მისცეს მყარი გარანტიები თავის პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების, ორმაგი სტანდარტების გარეშე. ჩვენი ამოცანა მკაფიოა – დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველვყოთ კომპენსაცია და პასუხი ვაგებინოთ პასუხისმგებელ პირებს. სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უკრაინის საერთაშორისო საჩივრების კომისია ამას გზას უკვალავს. ევროპის საბჭოს სახელით და ამ კონვენციაზე მომუშავე ყველა ადამიანის სახელით მადლობა ყველას აქ დასწრებისთვის, რაც ხაზს უსვამს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ეგიდით, უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. კონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.