წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1734031539
რიჩარდ და მილდრედ ლოვინგების სიყვარულის ამბავმა, ფაქტობრივად, მთელი ისტორია შეცვალა.
22 ივნისს ამერიკაში, სადაც წლების წინ რასიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, მილდრედ ლოვინგის 85 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ეს ქალი დიდი ხანია, გარდაცვლილია, მაგრამ მისი სახელი ისტორიაში შევიდა. ახალგაზრდა შავკანიან გოგონას თეთრკანიანი ბიჭი შეუყვარდა. ეს მოხდა იმ პერიოდში, როცა ამის გამო ადამიანებს აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ.
მილდრედ ჯეტერი 1939 წელს, ვირჯინიის პატარა ქალაქში დაიბადა. ის ძალიან მოკრძალებული გოგონა იყო, ადამიანებს ხშირად არ ესაუბრებოდა, თუმცა გარშემო მყოფებს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებოდა. მაშინ თეთრკანიანი მოსწავლეები ცალკე სკოლაში სწავლობდნენ. ერთ დღეს გოგონამ იმ სკოლისკენ გაისეირნა და ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, რიჩარდ ლოვინგი დაინახა. მილდრედი მაშინ 11 წლის იყო, რიჩარდი კი - 17-ის.
ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და მალევე მეგობრობა დაიწყეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ნაცნობობა სიყვარულში გადაიზარდა. 18 წლის ასაკში კი მილდრედი დაორსულდა. რიჩარდმა უკვე იცოდა, რომ საკუთარ მომავალ ცხოვრებას ამ გოგონას დაუკავშირებდა. ამიტომაც, სამსახური იშოვა და პასუხისმგებლობაც აიღო.
1950-იან წლებში ვირჯინიაში, ისევე, როგორც სხვა არაერთ შტატში, რასობრივი კავშირები მკაცრად იყო აკრძალული და ვინც ამ წესს დაარღვევდა, ყველა ციხეში მოხვდებოდა.
ამიტომაც, ახალგაზრდებმა ვერ გარისკეს და ვაშინგტონში წავიდნენ. ამ შტატში მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა და ქორწინებაც დაშვებული იყო. ზოგიერთი ადამიანი ახალდაქორწინებულების ბედნიერებას ვერ ეგუებოდა და ამიტომაც, ადგილობრივ შერიფს ანონიმური წერილი მისწერეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ თეთრკანიანმა და შავკანიანმა ადამიანებმა ფარულად იქორწინეს. მათი ზუსტი მისამართიც მიუთითეს.
წყვილი დააკავეს და საპატიმროში მოათავსეს. მალევე სასამართლოც ჩაინიშნა. მოსამართლემ თქვა, რომ მათ ვირჯინიის ტერიტორია 25 წლით უნდა დაეტოვებინათ და სხვაგან გადასახლებულიყვნენ. წყვილს 3 შვილი შეეძინა.
მილდრედმა ერთ დღეს ჯონ კენედის ძმას, რობერტს, წერილი მისწერა. ის მაშინ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.
"ჩვენ სამი შვილი გვყავს და ადვოკატის საშუალება არ გვაქვს... თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ! ღრმა პატივისცემით, მისტერ და მისის ლოვინგები", - ნათქვამია გზავნილის ტექსტში.
პასუხი იმაზე სწრაფად მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ... კენედი სწერდა, რომ პირადად მათი დახმარება არ შეეძლო, მაგრამ ურჩია, ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირისთვის მიემართათ, რომელიც აფროამერიკელთა უფლებებს იცავდა. ორმა ახალგაზრდა ადვოკატმა, ფილ ჰირშკოპმა და ბერნარდ კოენმა გადაწყვიტეს, ცოლ-ქმარს სრულიად უსასყიდლოდ დახმარებოდნენ, რადგანაც მათი სიყვარულის ისტორია მათთვის შთამაგონებელი იყო. იურისტები მაშინვე ხვდებოდნენ, რომ ეს საქმე ისტორიაში რაღაცას შეცვლიდა და ბევრ ადამიანს დაეხმარებოდა. თავად რიჩარდსა და მილდრედს დამნაშავეების დასჯა არ სურდათ. მათ უბრალოდ უნდოდათ, მშობლიურ ქალაქს დაბრუნებოდნენ და იქ მშვიდად ეცხოვრათ.
1963 წლიდან 1967 წლამდე ჰირშკოპი და კოენი წარმატებას ვერ აღწევდნენ. თითქოს, ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო. მაგრამ, ადვოკატებს სჯეროდათ, რომ ეს საქმე აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდებოდა. 1967 წლის 12 ივნისს საქმე "ლოვინგი ვირჯინიის შტატის წინააღმდეგ" წარმატებით დასრულდა. ვაშინგტონის სასამართლოში განაჩენი წაიკითხეს:
"რიჩარდ და მილდრედ ლოვინგებს უფლება აქვთ, დილით ერთმანეთის გვერდით გაიღვიძონ და საღამოს ერთმანეთის გვერდით დაიძინონ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ შერიფი მათ კარზე არ დააკაკუნებს, საძინებლის კარს არ შეამტვრევს და მათ პირად სივრცეს არ დაარღვევს."
ამ შემთხვევამ ისტორია მართლაც შეცვალა. მას შემდეგ, რასობრივი ნიშნით ქორწინების აკრძალვა გაუქმდა და ყველას შეეძლო, საყვარელ ადამიანზე დაქორწინებულიყო.
თუმცა, სამწუხაროდ, რიჩარდისა და მილდრედის ისტორია კეთილად მაინც ვერ დასრულდა. ისინი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდნენ და მშვიდად ცხოვრებაც დაიწყეს, თუმცა 1975 წელს, როდესაც სტუმრად მიდიოდნენ, მათ ნასვამი მძღოლი შეეჯახა. 41 წლის რიჩარდი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მყოფმა 35 წლის მილდრედმა მარჯვენა თვალი დაკარგა.
მილდრედმა მთელი დარჩენილი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა და 2008 წლის 2 მაისს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 8 შვილიშვილი და 11 შვილთაშვილი ჰყავდა.
ლოვინგი საკმაოდ იზოლირებულად ცხოვრობდა. 2007 წელს, იშვიათ ინტერვიუში კი განაცხადა:
უფროსი თაობის შიშები და ცრურწმენები შემსუბუქდა და დღევანდელ ახალგაზრდებს ესმით, რომ თუ ვინმეს ვინმე უყვარს, მას აქვს უფლება, დაქორწინდეს".
ლოვინგების ისტორიაზე ფილმი - "ლოვინგი" გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს ჯოელ ედგერტონი და რუთ ნეგა ასრულებენ.