ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელის მოთხოვნით, გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

გაერო

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ისრაელის მოთხოვნით, გაერომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ორგანიზაციის წევრებმა ისრაელის წინააღმდეგ აგრესია დაგმეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტერეშმა მხარეებს ძალადობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

„ირანი უნდა შეჩერდეს, სანამ ის მსოფლიოს კრიტიკულ წერტილამდე მიიყვანს, რეგიონულ ომამდე, რომელიც შეიძლება მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ირანს მსოფლიო ბატონობა სურს და მისმა თავდასხმამ დაადასტურა, რომ თეირანს არ ადარდებს ისლამი და მუსლიმანები. ისრაელი მოუწოდებს გაეროს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ზომები უნდა მივიღოთ არა ისრაელის, არა რეგიონის, არამედ მსოფლიოს გულისთვის. შეაჩერეთ ირანი დღეს“, - ამის შესახებ გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა.

ოპერაცია მთლიანად წარმოადგენდა ირანის თავდაცვის უფლების განხორციელებას, როგორც ეს ასახულია გაეროს წესდების 51-ე მუხლში და აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. ქმედება იყო აუცილებელი და პროპორციული. ოპერაცია იყო ზუსტი და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული, მინიმუმამდე იყო დაყვანილი ესკალაციის პოტენციალი და სამოქალაქო ზიანი. ირანი არასოდეს ცდილობს წვლილი შეიტანოს რეგიონში კონფლიქტის გავრცელებაში“, - განაცხადა გაეროში ირანის ელჩმა ამირ საეიდ ირავანმა.

სიტყვით გამოსვლისას ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, გაეროს წევრებს აქვთ საერთო პასუხისმგებლობა სიტუაცია განმუხტონ.

„ახლა მაქსიმალური თავშეკავების დროა. რეგიონში მცხოვრები ხალხი სერიოზული, დამანგრეველი კონფლიქტის საშიშროების წინაშე დგას. ახლა განმუხტვისა და დეესკალაციის დროა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავიდან ავირიდოთ ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა დიდი სამხედრო დაპირისპირება გამოიწვიოს რამდენიმე ფრონტზე ახლო აღმოსავლეთში. გაეროსა და მის წევრ ქვეყნებს აქვთ საერთო პასუხისმგებლობა, ჩაერთონ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.