„ვინც ამ გზაზე მომყვება...“ - ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ პოსტს აქვეყნებს
1761162624
ასტრონომებმა დააფიქსირეს 700 მეტრი სიგანის ასტეროიდი, რომლის კვალსაც მზის სიკაშკაშე ფარავდა. მას 2025 SC79 ეწოდება და ჩვენი ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 128 დღეს ანდომებს. ეს ნიშნავს, რომ მთელი სისტემის მასშტაბით იგი სისწრაფით მეორე ადგილზეა. ასევე, ის მეორე ისეთი ობიექტია, რომლის ტრაექტორიაც სრულად ვენერას ორბიტაშია მოქცეული, ზოგჯერ კი მერკურისასაც კვეთს.
კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტში მომუშავე სკოტ შეპარდმა ახალი ასტეროიდი პირველად 27 სექტემბერს შენიშნა. მას მზის ელვარება იმდენად ჩრდილავდა, რომ ძალიან ძნელად დასაკვირვებელი იყო. ასტრონომის თქმით, ასეთი ობიექტების დროულად გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ისინი დედამიწისთვის პოტენციურ საფრთხეს შეიცავდეს.
"ყველაზე საშიში ასტეროიდები ყველაზე ძნელად დასაფიქსირებელია. კვლევების უმეტესობაში ასტეროიდები ღამის სიბნელეშია აღმოჩენილი, როცა მათი შემჩნევა შედარებით მარტივია.
რაც შეეხება მზესთან ახლომდებარე ასეთ ობიექტებს, მათზე დაკვირვება მხოლოდ შებინდებისას ან განთიადზეა შესაძლებელი. თუ რომელიმე მათგანი დედამიწას მოუახლოვდება, შეიძლება შეჯახების სერიოზული საფრთხე შექმნას", — ამბობს შეპარდი.
მან 2025 SC79 ბნელი ენერგიის კამერით გადაიღო, რომელიც ბლანკოს 4-მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული. ასტეროიდის ავთენტურობა შემდეგ ჯემინისა და მაგელანის ობსერვატორიების მეშვეობით დადასტურდა.
სწორედ შეპარდმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს 2021 წელს ჩვენთვის ცნობილი უსწრაფესი ასტეროიდი. მას 2021 PH27 ეწოდება და მზის გარშემო მოძრაობას 113 დღეს ანდომებს. გამოდის, რომ 2025 SC79-ს ის მხოლოდ 15 დღით უსწრებს. საინტერესოა ისიც, რომ ამაზე მცირე ორბიტული პერიოდი მზის სისტემის პლანეტებში მხოლოდ მერკურის აქვს — 88 დღე.
ამჟამად ჩვენი პერსპექტივიდან 2025 SC79 მზის მიღმაა, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში მისი დანახვა შეუძლებელი იქნება. როცა იგი ისევ გამოჩნდება, ასტრონომები დაკვირვებებს განაახლებენ და მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.