„აღარ მეგონა თუ ვინმეს შევუყვარდებოდი ან ზედ შემომხედავდა” – მოდელი, რომელმაც ფეხები ჰიგიენური ტამპონის გამოყენების გამო დაკარგა

ლორენ ვასერი

ამერიკელ მოდელს, ლორენ ვასერს ფეხების ამპუტაცია ჰიგიენური ტამპონის გამოყენების გამო დასჭირდა. მისმა ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ვასერზე წერდნენ ყველგან. ნორმალურ ცხოვრებას რომ დაბრუნებოდა ლორენს დიდი დრო დასჭირდა.

„ბევრჯერ სუიციდზეც მიფიქრია. მახსოვს თვეები ვიწექი და უბრალოდ ჭერს ვუყურებდი. მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა, რომ ვეღარასდროს მივიღებდი საკუთარ თავს. მერე კი მივხვდი, ბრძოლა შენი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ხოდა მეც ავდექი და ბოლომდე ვიბრძოლე და დღესაც ვიბრძვი”,- ამბობს ის.

ბავშვობაში ფიქრობდა, რომ ცნობილი მოდელი გახდებოდა, მსოფლიო პოდიუმებსაც დაიპყრობდა და მილიონიან კონტრაქტებსაც გააფორმებდა. თუმცა, 24 წლის ასაკში, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

„ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ჩემ ირგვლივ ყველა საოცრად ლამაზი იყო. დედა ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. სახლიდან მოწესრიგების გარეშე არასდროს გადიოდა. ხოდა მინდოდა მეც მათ გზას გავყოლოდი. თუმცა, მალე ყველაფერი თავდაყირა დადგა”,- იხსენებს ლორენი.

2012 წელს ლორენს ჰიგიენური ტამპონის გამოყენების გამო იშვიათი გართულება განუვითარდა,რომელიც ათასი ქალიდან სამს შეიძლება დაემართოს.

სიცხიანი ვასერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ვერ იგებდნენ რა სჭირდა ლორენს. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინა, როდესაც ინფექციონისტმა გაიგო, რომ გოგონა ტამპონს ხმარობდა. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰიგიენური საშუალება ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა.

ვასერს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. გოგონას მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და ექიმებს მისი ამპუტაცია მოუწიათ. მოგვიანებით, მან მეორე ფეხიც დაკარგა. ახლა ლორენს ორი პროთეზი აქვს.

„კვირა-ნახევარი კომაში ვიყავი. გონზე რომ  მოვედი და გავაანაზილე რა ხდებოდა, საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. 8 თვის განმავლობაში ვიჯექი და ჭერს ვუყურებდი. თმა გადამპარსეს. ჩემი ინდივიდუალიზმი წამართვეს. თვითმკვლელობაც ვცადე. აღარ მეგონა თუ ვინმეს შევუყვარდებოდი ან ზედ შემომხედავდა”,- აღნიშნავს ვასერი.

„ჩვეულებრივი დღე იყო. ციკლი დამეწყო. ტამპონები აღარ მქონდა და ამიტომ მაღაზიაში საყიდლად წავედი. თან საღამოს მეგობრის დაბადების დღე იყო და უნდა მოვმზადებულიყავი. წასვლამდე კიდევ ერთი ტამპონი გამოვიცვალე. წვეულებაზე უცებ ცუდად გავხდი, გულისრევა დამეწყო და ვგრძნობდი რომ ძალას ნელ-ნელა ვკარგავდი. სახლამდე ძლივს მივედი და ეგრევე ლოგინში ჩავწექი. მეგონა სეზონური გრიპი მქონდა”,- ამბობს ის.

თუმცა, საკუთარ თავში ძალა მაინც იპოვა. თავიდან ეშინოდა, რომ საზოგადოება არ მიიღებდა. შიში ნელ-ნელა დაძლია და უფრო თავდაჯერებული გახდა. თუ ადრე უცნობი ადამიანების მზერა აშინებდა, ახლა აღარაფერი ადარდებს.

„მახსოვს შვეიცარიაში ვიყავი. აეროპორტში ერთი პატარა ბიჭი დაჟინებით მიყურებდა. ჯერ მე შემომხედავდა, მერე თავის ფეხებს დახედავდა, შემდეგ ისევ მე და ისევ საკუთარ ფეხს… შემდეგ კი მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: „დედა, შეიძლება ასეთი ოქროს ფეხები მქონდეს?” ჩემთვის, ეს ძალიან ემოციური იყო”,- ამბობს ის.

ტრაგედიის შემდეგ, ლორენმა ინტერნეტში საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. ვასერი ქალებს უხსნის, რომ ის სინთეზური კომპონენტები, რომლებსაც ჰიგიენური საშუალებები შეიცავს, სტაფილოკოკური ინფექციის გასავითარებლად იდეალური საშუალებაა. ის ასევე მუშაობს კანონპროექტის მიღებაზე, რომლის თანახმადაც, ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელ ყველა კომპანიას უნდა დაევალოს, ზუსტად ასახოს შეფუთვაზე, რისგან შეგდება კონკრეტული საშუალება. ლორენმა და დედამისმა Kotex-ის წინააღმდეგ სასამართლო დავაც დაიწყეს, მაგრამ პროცესის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

„გოგონა ოქროს ფეხებით“ აქტიურად თამაშობს კალათბურთს. პარალელურად კი სამოდელო კარიერას აგრძელებს.

„უამრავი რამ გამოვიარე, ბევრჯერ დავნებდი კიდეც, მაგრამ რომ ვუფიქრდები, ალბათ ეს ყველაფერი საჭირო იყო. ახლა თავს ბევრად უფრო კარგად ვგრძნობ. ახლა უფრო ლამაზი ვარ, ვიდრე როდისმე. როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. უფრო მეტად მესმის ადამიანების, ვიდრე ადრე. და იცით, ამ განსაცდელებმა მე უკეთეს პიროვნებად მაქცია. ასე რომ, არასდროს დანებდეთ, ყოველთვის წამოდექით და გჯეროდეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის”,- აღნიშნავს მოდელი.

ასევე ნახეთ:

„ეს ის შემთხვევაა, როცა ჩემს დრანცას მთელმა ერმა მხარი უნდა დავუჭიროთ“ - კესარია აბრამიძე

„იწყება...“ - ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას ახალ ფოტოს აქვეყნებს