1769975663
Agence France-Presse: იანვრის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა უკრაინაში წინსვლა დააჩქარეს და წინა თვესთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ტერიტორია დაიკავეს
იანვარში რუსეთის არმიამ უკრაინაში 481 კვ.კმ ტერიტორია დაიკავა, რაც თითქმის ორჯერ მეტია დეკემბრის მაჩვენებელზე. წინსვლა ძირითადად დონბასშია კონცენტრირებული, რომელიც მიმდინარე მოლაპარაკებების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს.
იანვრის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა უკრაინაში წინსვლა დააჩქარეს და წინა თვესთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი ტერიტორია დაიკავეს. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა AFP-ის ანალიზს, რომელიც მომზადებულია ომის შესწავლის ინსტიტუტისა (ISW) და Critical Threats Project-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
იანვარში რუსეთმა 481 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, მაშინ როცა 2025 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 244 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ეს არის ზამთრის თვეებში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ. ეს წინსვლა იმ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინაში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას.
„რუსეთის არმია ამჟამად ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელ ნაწილსა და დონეცკის ოლქის ტერიტორიის 83%-ს აკონტროლებს“, - ნათქვამია სტატიაში.
მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინულმა ძალებმა დატოვონ დონეცკის ოლქის ის ნაწილები, რომლებიც ჯერ კიდევ მათ კონტროლქვეშაა, რაზეც კიევი ამ დრომდე უარს აცხადებს.











