7-8 სექტემბერს თითქმის მთელი მსოფლიო მთვარის სრულ დაბნელებას იხილავს

მზის დაბნელება

მომდევნო კვირაში მთვარე სრულად დაბნელდება და, რაც მთავარია, ეს მოვლენა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან გამოჩნდება. სასაათო სარტყლის სხვაობის გამო ამ სანახაობისთვის თვალის მიდევნებას სხვადასხვა რეგიონში 7-8 სექტემბერს შევძლებთ.

მთვარის დისკოს დედამიწის ჩრდილი ნელ-ნელა დაფარავს, შემდეგ კი, სრული დაბნელებისას, ის წითლად გამოჩნდება. მთელი პროცესი 3 საათს, 29 წუთსა და 24 წამს გაგრძელდება. ეს სანახაობა დასაწყისიდან დასასრულამდე აზიის უდიდესი ნაწილიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან, დასავლეთ ავსტრალიიდან და სხვა რეგიონებიდან იქნება ხილული. დანარჩენი არეალებიდან ნაწილობრივ და სრულ დაბნელებას ფრაგმენტულად მაინც დაინახავენ.

პლანეტარული განლაგების დამსახურებით, ამ მოვლენაზე დაკვირვებას 7 მილიარდამდე ადამიანი შეძლებს. შესაძლოა, სხვადასხვა ადგილას ამინდი ხელის შემშლელი იყოს, მაგრამ მსოფლიო პოპულაციის დაახლოებით 60% სრულ დაბნელებას მაინც იხილავს, ხოლო 87% — ნაწილობრივს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მთვარის დაბნელება 7 სექტემბრის 19:28-ზე დაიწყება და 8 სექტემბრის 00:55-ზე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე საუკუნეში მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება არ იქნება. მსგავსი რამ 2027 წლის 2 აგვისტოსაა მოსალოდნელი, როცა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის სრული დაბნელება 6 წუთსა და 23 წამს გაგრძელდება.

მზის გარშემო დედამიწის ორბიტასთან შედარებით მთვარის ტრაექტორია ოდნავ დახრილია. ისინი ერთმანეთს რომ ემთხვეოდეს, მთვარისა და მზის დაბნელებები ყოველთვე იქნებოდა. ახლა ეს დაახლოებით 6 თვეში ერთხელაა ხილული, როცა სამივე ობიექტი ერთ ხაზზე მწკრივდება და მთვარე დედამიწის ჩრდილში ექცევა.

არსებობს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებები, რა დროსაც ჩრდილი ამ ციური სხეულის დისკოს მთლიანად არ ფარავს ან მხოლოდ ნახევრად ფარავს. მის სრულ დაბნელებას ხშირად "წითელ მთვარედაც" მოიხსენიებენ, რადგან ჩვენი პლანეტის ჩრდილის გამო იგი ცაზე სწორედ ამგვარ შეფერილობას იღებს. მიზეზი ისაა, რომ მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში "იფილტრება" და ლურჯ ფერს კარგავს, ამიტომ მის ჩრდილსაც მოწითალო ფერი ეძლევა. ეს ჩრდილი მთვარესაც ამგვარად ეფინება, რადგან დაბნელების დროს იქამდე ვარსკვლავის პირდაპირი სხივები ვერ აღწევს.