65 წლის წინანდელი საიდუმლო ამოხსნილია - რვა წლის გოგონას მკვლელობაში ყოფილი პოლიციელი ამხილეს

ნბბბ

აშშ-ში, ჩიკაგოში, 1960 წელს რვა წლის გლორია კოვალევიჩის მკვლელობის საქმე ახალი ტექნოლოგიების დახმარებით გაიხსნა. პოლიციის განცხადებით, დანაშაულთან დაკავშირებული დნმ-ისა და თითის ანაბეჭდის ანალიზმა გამომძიებლებს ყოფილი დეტექტივის იდენტიფიცირების საშუალება მისცა. ის 2006 წელს გარდაიცვალა და დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემა სიცოცხლეში ვერ მოესწრო. 

ტრაგედია 1960 წლის 12 ნოემბერს მოხდა. გლორია სახლიდან დილის წირვაზე დასასწრებად გავიდა. ეკლესიამდე მხოლოდ რამდენიმე კვარტალი აშორებდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვის ცხედარი ჩიკაგოს სამხრეთ-დასავლეთით, ტყიან ტერიტორიაზე, თხრილში იპოვეს. გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

საქმემ იმ პერიოდში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სამართალდამცველებმა ასობით მისამართი შეამოწმეს, 1 300-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს და შესაძლო ეჭვმიტანილების წრე შეისწავლეს. მიუხედავად მასშტაბური გამოძიებისა, დამნაშავის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა და საქმე ათწლეულების განმავლობაში გაუხსნელი დარჩა.

გამოძიების დროს პოლიციამ შეინახა შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთები, მათ შორის ტყვია, გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თეთრი ჩანთა, რომელშიც ლოცვის წიგნი ჰქონდა მოთავსებული.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება ჩანთის სახელურზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა. იმ დროისთვის არსებული ტექნოლოგიები გამომძიებლებს საშუალებას არ აძლევდა, ეს კვალი სავარაუდო დამნაშავესთან საიმედოდ დაეკავშირებინათ.

წლების შემდეგ, დნმ-ის კვლევის განვითარებამ გამოძიებას ახალი შესაძლებლობა მისცა. 2010 წელს გოგონას ტანსაცმელზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის ანალიზით მამაკაცის დნმ-ის პროფილი მიიღეს, თუმცა მაშინ ეჭვმიტანილის დადგენა ვერ მოხერხდა.

2024 წელს გამომძიებლებმა ტანსაცმლის ნიმუში დამატებითი კვლევისთვის FBI-ს გადასცეს. სპეციალისტებმა საგამოძიებო გენეტიკური გენეალოგიის მეთოდი გამოიყენეს, რომელიც დნმ-ის მონაცემებისა და გენეტიკური ნათესაობის კავშირების შესწავლით შესაძლო პირის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს.

ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, 2026 წელს დნმ-ის ანალიზმა და შენახული თითის ანაბეჭდის შედარებამ გამომძიებლები თომას მაკინერნიმდე მიიყვანა. თითის ანაბეჭდი მის 1959 წლის პოლიციის სამსახურში მიღების განაცხადზე არსებულ ანაბეჭდს შეადარეს. 

თომას მაკინერნი ჩიკაგოს პოლიციაში 1959 წელს, მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, შევიდა. მოგვიანებით ის დეტექტივი გახდა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებაზეც მუშაობდა. პოლიციიდან 1987 წელს გადადგა, მოგვიანებით კი ნევადაში ფედერალური საჯარო დამცველის ოფისში გამომძიებლად მუშაობდა.

მაკინერნი 2006 წელს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაბამისად, მისთვის ბრალის წაყენება და საქმის სასამართლოში განხილვა შესაძლებელი აღარ არის.

ჩიკაგოს პოლიციამ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ყოფილი თანამშრომელი დანაშაულთან მხოლოდ ათწლეულების შემდეგ დააკავშირეს და სიცოცხლეში პასუხი არ უგია.

✕