6 დაღუპული, მათ შორის 12 წლის ბიჭი - ტორნადოს გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტორნადო

აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოს შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე შედეგები გამოიწვია მიჩიგანისა და ოკლაჰომის შტატებში.

ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ მიჩიგანში 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბიჭი. პარასკევს კი ოკლაჰომის შტატში მომხდარმა ძლიერმა ქარბუქმა კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას: ქარიშხალმა ხეები წააქცია, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელ სახლებსა და შენობებს კი სახურავები გადახადა.

მიჩიგანის ბრენჩის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ინფორმაციით, პარასკევს, იუნიონ სიტის მახლობლად ტორნადოს შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა.

კასის ოლქის შერიფის, კლინტ როუჩის განცხადებით, 12 წლის საილას ანდერსონი მიჩიგანის შტატის ქალაქ ედვარდსბურგში ამინდის სტიქიის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მიჩიგანის ბრენჩის, კასისა და სენტ-ჯოზეფის ოლქებში.

ამასთან, ოკლაჰომის გუბერნატორმა კევინ სტიტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ალფალფას, კრიკის, გრანტის, მეიჯორის, ოკმალგის, როჯერსის, ტულსისა და ვაგონერის ოლქებში.

სამაშველო სამსახურები სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.