1939 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს 100 წლამდე მიღწევის ნაკლები შანსი აქვთ - კვლევა

100 წელი

 მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, სტატისტიკურად, მცირე შანსია, რომ დღეს მცხოვრებმა ადამიანებმა 100 წლამდე მივაღწიოთ. ამის დასადგენად მათ 6 სხვადასხვა საპროგნოზო მეთოდი გამოიყენეს, რომლებიც მაღალი შემოსავლისა და დაბალი სიკვდილიანობის მქონე 23 ქვეყანაზე გამოცადეს. გაირკვა, რომ ნაკლებად მოსალოდნელია, ამ სახელმწიფოებში 1939-2000 წლებს შორის დაბადებულმა ადამიანებმა 1 საუკუნე იცოცხლონ.

დღესდღეობით ხანდაზმულები იმაზე დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ოდესმე, რაც მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში მომხდარი სამედიცინო გარღვევების დამსახურებაა. ამის შედეგად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1900-1938 წლებს შორის თითო თაობაში 0.46 წლამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დაბადებულებმა საშუალოდ 62 წელი იცოცხლეს, 38 წლის შემდეგ დაბადებულებმა კი — 80.

მას შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა ისევ იზრდებოდა, მაგრამ გაუმჯობესების ტემპი შენელდა. ახალი პროგნოზის თანახმად, 1939-2000 წლებს შორის თითო თაობაში ზრდის ტემპი 37-52%-ით შეიძლება შემცირდეს. მიზეზად ავტორები აღნიშნულ პერიოდში სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამედიცინო გარღვევების არარსებობას ასახელებენ.

ამ მონაცემების მიხედვით, მაჩვენებლის ასეთი კლება იმის გამოა მოსალოდნელი, რომ წინა გაუმჯობესებები ჩვილების სიკვდილიანობის შემცირებით იყო გამოწვეული. ეს 1900-იან წლებში პედიატრიული მედიცინის მიღწევების დამსახურებაა. ახლა ეს პრობლემა აღარაა, ამიტომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მორიგი მნიშვნელოვანი მატების ძალიან მცირე შანსია.

ავტორები ამბობენ, რომ მომავალში სერიოზული სამედიცინო წინსვლა შეიძლება ვიხილოთ, რაც პროგნოზს შეცვლის. მაგალითად, ასეთი მიღწევად მიიჩნევა სიმსივნის განკურნების მეთოდის აღმოჩენა. ასეც რომ არ იყოს, სანერვიულო არაფერია, რადგან მაჩვენებელი ნელა, მაგრამ მაინც იმატებს.