1794829587
17 ნოემბერს მსოფლიო ბანკებზე კიბერშეტევას, ანგარიშებზე თანხების განულებასა და ინტერნეტის სამთვიან გათიშვას ვარაუდობენ - რას ამბობს აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისია
სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 17 ნოემბერს ჰაკერები მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებზე ერთდროულად მიიტანენ იერიშს, გაანადგურებენ მომხმარებლების დანაზოგების შესახებ ინფორმაციას, რის შემდეგაც ინტერნეტი მთელ მსოფლიოში სამი თვით გაითიშება.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, მოსალოდნელი „ციფრული აპოკალიფსის“ გამო ადამიანებს საკვების, სასმელი წყლისა და ნაღდი ფულის წინასწარ მომარაგებასაც ურჩევენ. ზოგიერთ პოსტში საუბარია ოქროსა და ვერცხლის შეძენაზეც.
თუმცა, ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ამ მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ არანაირი სანდო მტკიცებულება არ არსებობს. არც კონკრეტული ჰაკერული დაჯგუფებაა დასახელებული, არც სამიზნე ბანკები და არც რაიმე ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც მსგავსი ოპერაციის მომზადებას დაადასტურებდა.
როგორც გამოცემა Mimikama წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ამბავი თავდაპირველად X-ის მომხმარებლების პოსტებს უკავშირდება. ერთ-ერთი ავტორი ინფორმაციას ანონიმურ წყაროს, თითქოსდა „დარკნეტში“ მიღებულ ცნობებს მიაწერს და თავადვე აღნიშნავს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ეს ცნობები სხვადასხვა პლატფორმაზე უფრო კატეგორიული გაფრთხილების სახით გავრცელდა.
რატომ დასახელდა 17 ნოემბერი?
ფაქტების გადამმოწმებლების ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ამ თარიღისთვის შეერთებულ შტატებში მართლაც არის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიება — საგანგებო შეტყობინების სისტემის ეროვნული ტესტირება.
აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA), კომუნიკაციების ფედერალურ კომისიასთან (FCC) თანამშრომლობით, 17 ნოემბერს საგანგებო შეტყობინების სისტემის (EAS) გამოცდას ჩაატარებს.
FCC-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ტესტი აღმოსავლეთის დროით 14:20 საათზე დაიწყება. მის ფარგლებში რადიო- და ტელემაუწყებლები მოსახლეობას საცდელ შეტყობინებას გადასცემენ. ჩვეულებრივი მაუწყებლობა დაახლოებით ერთი წუთით შეწყდება, რის შემდეგაც პროგრამები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
შეტყობინებაში პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ ეს მხოლოდ ტესტირებაა და მოსახლეობას რაიმე მოქმედების განხორციელება არ მოეთხოვება.
მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ტესტი მობილურ ტელეფონებზე საგანგებო შეტყობინებების გაგზავნას არ ითვალისწინებს. ის არც ინტერნეტის გათიშვას და არც საბანკო მომსახურების შეზღუდვას უკავშირდება.
სწორედ ამ რეალური ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოიყენეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ამბის გასამყარებლად, თუმცა ამერიკული საგანგებო შეტყობინების სისტემის ტესტირებასა და თითქოსდა მოსალოდნელ გლობალურ კიბერშეტევას შორის კავშირი არ არსებობს.
რატომ არ შეესაბამება სიმართლეს ინტერნეტის სამთვიანი გათიშვის სცენარი?
ინტერნეტი ერთი ცენტრალიზებული სისტემა არ არის, რომლის გამორთვაც ერთი ბრძანებით იქნება შესაძლებელი. ის ათასობით დამოუკიდებელი ქსელისგან შედგება, რომლებსაც სხვადასხვა ოპერატორი, პროვაიდერი და ორგანიზაცია მართავს.
ცალკეულ ქსელებზე, კომპანიებსა თუ სახელმწიფო სტრუქტურებზე კიბერშეტევები ნამდვილად ხდება და მათ შესაძლოა დროებითი შეფერხებები გამოიწვიოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია მსოფლიოს ყველა მსხვილი ბანკის ერთდროულად პარალიზება და გლობალური ინტერნეტის სამი თვით გათიშვა.
არც საბანკო სისტემებში ინახება მომხმარებლების ფინანსური ინფორმაცია მხოლოდ ერთ ადგილას. ბანკები მონაცემების სარეზერვო ასლებს, ტრანზაქციების ჩანაწერებსა და აღდგენის მექანიზმებს იყენებენ. კონკრეტულ საბანკო სისტემაზე თავდასხმამ შესაძლოა მომსახურების შეფერხება გამოიწვიოს, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს მომხმარებლების დანაზოგების გაქრობას.
როგორ უკავშირდება ამ ამბავს საკვებისა და წყლის მომარაგების რეკომენდაციები?
კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტების ავტორები საკუთარი ვერსიის გასამყარებლად იყენებენ, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის რეკომენდაციებია, რომ მოქალაქეებს სახლში რამდენიმე დღის სამყოფი აუცილებელი მარაგი ჰქონდეთ.
ფაქტების გადამმოწმებლების განმარტებით, ეს რეკომენდაციები რეალურია, თუმცა ისინი საგანგებო სიტუაციებისთვის ზოგად მზადყოფნას ეხება და არა 17 ნოემბერს მოსალოდნელ კიბერშეტევას.
მაგალითად, ევროკავშირი და ცალკეული ქვეყნები მოსახლეობას ურჩევენ, შესაძლო კრიზისის, სტიქიური უბედურების ან ინფრასტრუქტურის შეფერხების შემთხვევაში რამდენიმე დღის განმავლობაში დამოუკიდებლად შეძლონ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმაც გაავრცელა განმარტება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია 17 ნოემბერს მოსალოდნელი გლობალური კიბერშეტევისა და ინტერნეტის სამთვიანი გათიშვის შესახებ მტკიცებულებებით არ დასტურდება. ცენტრის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის რეკომენდაციები ამ თარიღთან და სავარაუდო კიბერშეტევასთან კავშირში არ არის.
რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა?
სპეციალისტები და ფაქტების გადამმოწმებლები საზოგადოებას მოუწოდებენ, არ აჰყვნენ პანიკას და არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ინფორმაცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა სიფრთხილე გამოიჩინონ იმ შეტყობინებების მიმართ, რომლებიც მათ ბანკიდან თანხის სასწრაფოდ გამოტანას, საეჭვო ბმულებზე გადასვლას ან თანხის თითქოსდა „უსაფრთხო ანგარიშზე“ გადარიცხვას სთავაზობს.
სწორედ მსგავსი შიშის გამოყენება შეიძლება თაღლითებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს. არავის უნდა გაუზიაროთ საბანკო ბარათის მონაცემები, პაროლები ან ერთჯერადი SMS-კოდები.
ამრიგად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2026 წლის 17 ნოემბერს ჰაკერები მსოფლიოს წამყვან ბანკებზე ერთდროულად მიიტანენ იერიშს, გაანადგურებენ მომხმარებლების დანაზოგების შესახებ მონაცემებს და ინტერნეტს სამი თვით გათიშავენ, დეზინფორმაციაა. ამ სცენარის დასადასტურებლად სანდო მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო აღნიშნული თარიღისთვის აშშ-ში დაგეგმილი ღონისძიება მხოლოდ საგანგებო შეტყობინების სისტემის ჩვეულებრივი ტესტირებაა.









