101 გარდაცვლილი ესპანეთში, 7 დაღუპული საფრანგეთში, 15 დიდ ბრიტანეთში - ევროპაში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა

სიცხე

101 გარდაცვლილი ესპანეთში, 7 დაღუპული საფრანგეთში - ასე გამოიყურება სიკვდილიანობის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ევროპაში ნაადრევად მოსულმა გაუსაძლისმა სიცხემ გამოიწვია. ესპანეთის სამეფოში 2015 წლის შემდეგ, მაისში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილთა ეს რიცხვი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მეტეოროლოგები უკვე ალაპარაკდნენ ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო საშიშ მოვლენაზე. საუბარია სიცხისა და მაღალი ტენიანობის კომბინაციაზე. ასეთ დროს გამოყოფილი ოფლი ვეღარ ორთქლდება და სხეული ბუნებრივ გაგრილებას ვეღარ ახერხებს. შედეგად, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად იწყებს გადახურებას. იზრდება სუნთქვის გაძნელების, გაუწყლოების, სითბური დარტყმისა და გულის გადატვირთვის რისკი.

აქამდე ევროპის ქალაქები ზომიერი კლიმატის პირობებში ვითარდებოდა. გახშირებული და ხანგრძლივი სითბური ტალღები კი, ამ ბალანსს ნელ-ნელა ცვლის. მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს წყლის რესურსებზე, ნიადაგზე, ტყეებსა და ურბანულ გარემოზე. ექსტრემალური სიცხე ევროპისთვის უკვე მხოლოდ ამინდთან დაკავშირებული ანომალია აღარ არის, ის ეკოსისტემისა და ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევადაც იქცა.