100-ზე მეტი დაღუპული ერთ დღეში - ისრაელი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

ისრაელი ღაზაში საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს. "ცახალის", იერიშებს ბოლო 24 საათში, 109 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის მონაცემებით, 28 მათგანი მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან საკვების მისაღებად იდგნენ.

კოლაფსია ჯანდაცვის სისტემაშიც, ღაზის უმსხვილესი ალ შეფას საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ასობით პაციენტი სიკვდილის ზღვარზეა, რადგან საავადმყოფოში საწვავის მარაგი ამოიწურა და არ ფუნქციონირებს აღჭურვილობა.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის რეგიონებში, ქვეყნის მიმართულებით მორიგი თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა "ჰუსიტებმა" და "ჰამასმა" განახორციელეს, 1 ბალისტიკური რაკეტა იემენიდან ხოლო 2 ღაზადან გაუშვეს. დარტყმის მოგერიება რკინის გუმბათმა შეძლო.

ვითარებას ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი, "თრუს სოუშალის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპი წერს, რომ ისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის 60 დღით შეწყვეტისთვის აუცილებელ ძალისხმევას.

ტრამპი ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" მოუწოდებს, მიიღოს ეს წინადადება.