უკრაინა რუსეთის მხრიდან განახლებული შეტევისთვის ემზადება - რუსების ნაწილს კი ომის შეწყვეტა სურს

omi ukrainaSi

უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ოკუპანტების ახალი, მასშტაბური იერიშების მოსაგერიებლად ემზადება. ოფიციალური მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ დონბასში მთელი საწარმო ზონის დაკავებას გეგმავს. რეგიონი უკვე რამდენიმე კვირაა სისტემატურად იბომბება.

დონეცკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ბახმუტის, სევერსკის, სლავიანსკისა და კრამატორსკის გარშემო რუსული ძალების გაძლიერება უკვე შეინიშნება. კონტრშეტევას იწყებენ უკრაინის თავდაცვის ძალებიც.

უკრაინულმა არმიამ იერიში დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიებზე მიიტანა, რომელთაც რუსები აკონტროლებენ. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარის რამდენიმე თავდასხმა დემენტიევკის მახლობლად და შეაჩერეს მტრის მცდელობა, ბახმუტისკენ წინ წასულიყო.

წუხელ უკრაინელებმა ხერსონის რაიონის ქალაქ ნოვა კხოვკაში ბაზირებულ რუსულ ნაწილებსა და საწყობებზე დიდი სარაკეტო იერიში მიიტანეს. საწყობი, ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურებულია. აფეთქების ტალღა ისეთი ძლიერი იყო და შემდგომ ამუნიციის დეტონაციას ისეთი შედეგები მოჰყვა, რომ ერთი კილომეტრის მასშტაბით ნგრევა გამოიწვია. დღის განმავლობაში უკრაინელებმა მეორედაც დაბომბეს რუსული სამიზნე ობიექტები, თუმცა მასშტაბი შედარებით მცირე იყო.

ნოვა კახოვკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის აღებაც რუსებმა ომის პირველივე დღეს პრაქტიკულად სრულიად უბრძოლველად მოახერხეს. კახოვკაში მნიშვნელოვანი წყალსაცავია, რომლიდანაც სპეციალური არხით წყალი მიეწოდება ყირიმს, თუმცა ყირიმთან ახლოს უკრაინელებს გადაკეტილი ჰქონდათ იგი - ყირიმის ანექსიის გამო. ქალაქის აღება რუსებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. ხერსონის შემდეგ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი სწორედ ნოვა კახოვკაა. თუკი მოსახლეობა თავდაპირველად მცირე წინააღმდეგობით დახვდა რუსულ ჯარს ახლა სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება - რუსების ქალაქში ყოფნა ქალაქის უსაფრთხოებისათვის უმთავრესი გამოწვევაა.

- ხერსონის რაიონში დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილები ჩერნობაევკასთან (ხერსონის გარეუბანი, აეროპორტის ტერიტორია და მისი მომიჯნავე სივრცე). შეიძლება იფიქროთ, რომ სრულიად დაუჯერებელია რუსების მხრიდან ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ სამხედრო ტექნიკისა და ნაწილების თავმოყრა მას შემდეგ რაც იქ 30-ჯერ მაინც გაანადგურეს რუსული ნაწილები, მაგრამ ვითარება ასე მარტივი არაა - ხერსონის დასაცავად რუსებს იარაღი და მძიმე ტექნიკა სჭირდებათ. ხერსონის მომიჯნავედ, დასავლეთისაკენ, ანუ იქიდან, საიდანაც შეტევას ელოდებიან რუსები, არის ჩერნობაევკა. სწორედ იქ უყრიან რუსები თავიანთ შემტევ და დამცავ ნაწილებსაც, რადგან სხვა ადგილი თავმოყრისათვის უბრალოდ არ აქვთ. თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც პოზიციების გამაგრება დაიწყეს რუსებმა, მისი ევაკუაცია მოუწიათ ან უკრაინელებმა გაანადგურეს ისინი. ამიტომაა, რომ რუსებს ბევრი არჩევანი არ აქვთ და გრძელვადიანად ქალაქის შენარჩუნება - ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან თავდაცვის სტრატეგიის პირობებში - გაუჭირდებათ და უკრაინელები მას აუცილებლად გაათავისუფლებენ.

ამასთან, მთელი დღეა რუსები ინტენსიურად ბომბავენ ხერსონის რაიონის იმ ტერიტორიას, რომლებიც უკრაინელთა კონტროლქვეშაა. რუსები ბომბავენ მომიჯნავე მიკოლაივის რაიონსაც. მათი სამიზნეები სამხედრო ობიექტები არაა, ისინი განურჩევლად ესვრიან ყველასა და ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს არტილერიის მხრივ უპირატესობა აქვთ, უკრაინელები სიზუსტის ჯაბნიან მათ.

 დღესვე დაიბომბა ზაპორიჟიას ოლქში მელიტოპოლის რუსული სამხედრო ბაზა დაიბომბა. ცეცხლი მძვინვარებდა ქალაქის სამხრეთითაც, რუსული სამხედროს საწყობის მიმართულებით. მელიტოპოლში და მის ირგვლივ უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობა აქტიურია. ისინი ან უშუალოდ ახორციელებენ თავდასხმებს რუსების წინააღმდეგ ან დაზუსტებულ კოორდინატებს აწვდიან უკრაინელებს და იქიდან საარტილერიო ან სარაკეტო იერიშის შედეგად რუსული პოზიციები ნადგურდება.

ამ ფონზე რუსებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეკეტათ ქალაქის ყველა შესასვლელი და გასასვლელი. რთული სათქმელია თუ ზუსტად რა იქნება შემდგომ, თუმცა რუსული ტერორი ქალაქის მოსახლეობის წინააღმდეგ ნამდვილად მოსალოდნელია.

 დამატებით, დიდი რაოდენობით თვითმავალი საარტილერიო დანადგარები - "კრაბები" - ჩავიდა პოლონეთიდან უკრაინაში. როგორც აღვნიშნე, თანდათან, ხარისხობრივი თვალსაზრისით, უკრაინული არტილერია უპირატესი გახდება რუსულთან შედარებით.

გუშინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაღუპულ პოლონელთა მემორიალზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ 1943-1945 წლებში ასი ათასი პოლონელი იქნა მოკლული უკრაინელთა მიერ, თუმცა მიუხედავად მძიმე წარსულისა უკრაინელები და პოლონელები დღეს ერთად ებრძვიან საერთო მტერს. ჩვენ ეს საკითხი ადრეც განვიხილეთ და გავაანალიზეთ, ამიტომ ახლა დეტალურად არ შევეხები, თუმცა ამ განცხადების შეფასება მაინცდამაინც დადებითი არ ყოფილა. განა იმიტომ, რომ მსგავსი ფაქტები არ მომხდარა რა - წიგნში "ერების რეკონსტრუქცია" ტიმოთი სნაიდერი დეტალურად აღწერს 1940-ნი წლების მოვლენებს უკრაინელებსა და პოლონელებს შორის და იმასაც აღნიშნავს, როგორ იყო ამ ორი ერის ისტორიაში პოლიტიკური მეგობრობდა და მეტოქეობა ლამის 10 საუკუნის განმავლობაში, მაგრამ ახლა ამ თემის განხილვა ნაკლებად იყო საჭირო, მით უფრო რომ დუდამ ახლანდელი თანამშრომლობა სწორედ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ბრწყინვალე მაგალითად არაერთხელ განიხილა, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო წარსულში. სხვათა შორის 1990 წლიდან პოლონეთის ნომერ პირველი საგარეო პრიორიტეტი სწორედ წარსული მეტოქეობისათვის წერტილის დასმა და ახალი თავის დაწერა იყო უკრაინასთან მიმართებით. და ეს ძალიან მალე იქნა მიღწეული.

სწორედ რაციონალურ ურთიერთთანამშრომლობაზეა აგებული დღეს ორი ქვეყნის ძალიან მყარი ურთიერთობა და ეს ორივე სახელმწიფოსათვის შედეგიანი იქნება.

საყურადღებოა დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომსაც რუსული სააგენტო „მედუზა“ ავრცელებს.

სავარაუდოდ, „მედუზას“ ხელში ჩაუვარდა ცენტრის კვლევის შედეგები, რომელიც 2022 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით ჩატარდა.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 30% მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი "რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს", ხოლო ამ მოსაზრებას 24 წლის ახალგაზრდებს შორის, გამოკითხულდა 56 პროცენტი ეთანხმება.

„მედუზას" თანახმად, გამოკითხულთა 57 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ არ უნდა შეწყდეს, ხოლო კიდევ 13 პროცენტს გაუჭირდა პასუხის გაცემა. ომის დამთავრების მომხრეებში 25-34 წლის ასაკის რუსები ჭარბობენ. მაგრამ "სპეცოპერაციის" გაგრძელების მომხრეთა 72%-ი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.