როგორ გახდა მულტიმილიონერი კეზერაშვილი, რომელსაც წლების წინ არაფერი გააჩნდა - „დონ კეზერას“ გავლენები და ქონება

კეზერაშვილი

ბოლო პერიოდში კეზერაშვილის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა. მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია 2017 წელს აცხადებდა, რომ კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით იშოვა, ახლა კი კეზერაშვილი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია და მის "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს...

„კვირის პალიტრა“ წერს, როგორ გახდა მულტიმილიონერი კეზერაშვილი

ბიზნესმენი თუ „დონ კეზერა“?

ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს შენობა, ამ ადგილზე ჩავლისას ბიზნესმენებს დღესაც კი ცუდი შეგრძნება უჩნდებათ. მათი თქმით, „პიქსელის" შენობის მეათე სართულზე „"დონ კეზერა"“იჯდა და ამ შენობაში შესული ბიზნესმენი იქიდან ან ქონების გარეშე გამოდიოდა, ან ციხეში მიდიოდა.

დავით კეზერაშვილს "დონ კეზერა" საკუთარმა გარემოცვამ საქმეების გარჩევის მაფიოზური სტილის გამო შეარქვა. თითქმის ყველა ბიზნესმენი, რომლებიც ამ შენობაში ყოფილან, ერთ სცენას აღწერს: - კეზერაშვილი ლამის წამოწოლილი ზის სავარძელში, მოსაუბრეს ზედაც არ უყურებს და ულტიმატუმებს დონ კორლეონეს სტილში უყენებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო, რომლის სახელთანაც რამდენიმე ბიზნესი იყო დაკავშირებული.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2013 წელს წერდა, კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც ასახულიყო.

2004 წელს, როცა დავით კეზერაშვილმა მუშაობა ფინანსურ პოლიციაში დაიწყო, მისი ხელფასი ამ დროს, სულ რაღაც 400 ლარს შეადგენდა. კეზერაშვილის ქონება მხოლოდ 1 ბინას წარმოადგენდა მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი გახდა. თუმცა, თანამდებობის დატოვების შემდეგ, 2 წელიწადში აღმოჩნდა, რომ ის უმდიდრესი ადამიანია. 

„ლიბერალის“ მიერ გავრცელებულ კადრებში, დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენია და 3 წელია, რაც ბიზნესშია. რას გულისხმობს კეზერაშვილი, ამაზე პასუხები საგამოძიებო უწყებებში და საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალებშია. 

ერთ-ერთი ბოლო სკანდალი ე.წ ქოლ-ცენტრების სკანდალს უკავშირდება. გაიშიფრა სქემა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობოდა ოფისები, ე.წ ქოლ-ცენტრები, რომლიდანაც უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და თაღლითური გზით მათ თანხებს ითვისებდნენ. ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფი ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა ერთობლივი მუშაობით საქართველოშიც გამოავლინეს და დაადგინეს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 2015 წელს საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა ჩამოაყალიბეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ასეთი ქსელები სხვადასხვა ქვეყანაში იყო და ისინი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და რომ უკრაინის ოფისთან დაკავშირებული იყო საქართველოში დაბადებული და ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. ამავე ცნობებით, დავით თოდუა დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორია. კეზერაშვილმა ეს მედიასთან დაადასტურა, თუმცა, ე.წ ქოლ-ცენტრებთან კავშირი უარყო. 

კეზერაშვილს ამ დრომდე არ აუხსნია, როგორ გამდიდრდა 2 წელიწადში, თანაც მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი იყო.

მამუკა არეშიძე (ექსპერტი): - კეზერაშვილის გვარი ამოტივტივდება ხან აქ, ხან იქ საკითხებთან, რომელიც იარაღით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული, იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში.

საუბარი იყო იმ დიდ  საქმეში ჩართულობაზე, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო ვაჭრობა იარაღით. ცნობილი ვლადიმერ ბუტის თემა, მაგალითად.

ვლადიმერ ბუტის სახელი რომ დავარქვათ, საერთაშორისო იარაღით ვაჭრობა ხომ ასე იყო, პრაქტიკულად, ხდებოდა შეკვეთა ამ იარაღის საერთაშორისო სამართლის მორჩილ ქვეყნისთვის და მერე ხვდებოდა მაგალითად, კოლუმბიელ პარტიზანებთან.

საქართველოს მთავრობის სახელით ხდებოდა ამა თუ იმ იარაღის შეკვეთა, მაგალითად, უკრაინაში. შემდეგ ირიცხებოდა ეს ფული. ხშირ შემთხვევაში ფული მესამე ორგანიზაციაზე ირიცხებოდა, რომელთანაც ცალკე ხელშეკრულება იდებოდა, როგორც შუამავალს. როგორც წესი, ეს ორგანიზაცია ობშერში იყო განთავსებული. იარაღის ფასი სხვანაირად იყო ნაჩვენები, სინამდვილეში სხვა ღირდა. ზოგიერთ შემთხვევაში, მყიდველი რეალურად იღებდა იმ ხარისხის იარაღს, რომელიც შეუკვეთა, მაგრამ განსხვავებული ფასით. 

ვახტანგ მაისაია (სამხედრო პოლიტოლოგი): - 2006 წლიდან საქართველომ დაიწყო შეიარაღების ინტენსიური შესყიდვა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან და არა მარტო მათგან. შესაბამისად, ამ პერიოდში მსუყედ გაჩნდა იმის ნიშა, რომ ელიტარული კორუფციის პირობებში მომხდარიყო გარკვეული სქემების დამუშავება. 

მაგალითად, 2007 წელს კონგოში დაფიქსირდა საქართველოზე მიბმული ერთ-ერთი საჰაერო ხომალდის დაკავება, რომელსაც უკანონო შეიარაღება გადაჰქონდა აფრიკის მეომარი მხარის მიმართულებით. 

ამ სქემების შესახებ საკმაოდ დეტალურად არის ჩემს სისხლის სამართლის საქმეში. მე ოფიციალურად დამდეს ბრალი, რომ თურმე აღნიშნული სქემები გავშიფრე. პირდაპირ წერია, რომ ჩემი მთავარი ბრალი NATO-ს წევრ სახელმწიფოებს გადავცემდი იმ არაკანონიერი იარაღის სქემების მომენტებს, რომლებიც ჩემს კომპიუტერებში იქნა ამოღებული მაშინდელი კონდაზვერვის  დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. 

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილომანი იკვლევდა იმ პერიოდში იარაღის უკანონო ბიზნესის სქემებს. 2009 წლის სექტემბერში გაიტაცეს ე.წ ზონდერ ჯუფების მიერ და ფაქტობრივად, იყო მოკლული. ყელი გამოაჭრეს, ისე სცემეს, ეგონათ რომ მკვდარი იყო და გადააგდეს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში. 

2010 წელს FBI-ის ხელმძღვანელი რობერტ მიულერი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა. ის მაშინ საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა და ითქვა, რომ ეს ვიზიტი დიდი ალბათობით, იარაღით უკანონო ვაჭრობით საკითხებს ეხებოდა. შეერთებული შტატები რომ ამ თემით იყო დაინტერესებული, „WikiLeaks-ის“ მასალებშიც ჩანს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ 2007 წელს საქართველოს მიერ 11 მილიონად ნაყიდი ავტომატების ნაწილი გვატემალაში აღმოაჩინეს. 

კეზერაშვილი მოხვდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. აქ წერია, რომ კეზერაშვილი 2009 წლიდან იყო ობშორულ ზონაში დარეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიის წილის მფლობელი, რომლის ბრუნვამ 2009-12 წლებში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. „აუდიტორის“ ცნობით, ამ კომპანიის მეშვეობით, საქართველოში შემოდიოდა უკვე გათეთრებული ფული. კეზერაშვილის ობშერულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები კი მონაწილეობდნენ ტენდერებში, თავდაცვის მიმართულებით, მათ შორის, იარაღის შეძენაში. 

დასკვნაში წერია, რომ ობშერულ ზონაში რეგისტრირებული კეზერაშვილის კომპანია, ნავთობ პროდუქტების გადაზიდვითაცაა დაკავებული და მას ბენზინ-გასამართი სადგურების ქსელი საქართველოში. 

კეზერაშვილს საქართველოში ბრალად ედებოდა 2006-12 წლები ეთილის სპირტის კონტრაბანდაც, რითაც ბიუჯეტმა 50 მილიონ ლარამდე იზარალა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ეს არ დაუმტკიცდა, თუმცა, ამ ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მის სიძეს მიესაჯა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი“ აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ და/ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთა შორის იყო:

„ჯენერალ მედია“ - სარეკლამო გაყიდვების სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება;

„აუთდორ ჯი“ - გარე რეკლამის უმსხვილესი კომპანია თბილისში, რომელსაც თბილისის მერიამ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სარეკლამო განცხადებების განთავსების ექსკლუზიური უფლება მიანიჭა. მტკვრის მარცხენა სანაპიროს კი „სმოდ ედვერთაიზინგი“ აკონტროლებდა, რომელიც, როგორც ირკვევა, დე ფაქტო, „აუთდორ ჯის“ შვილობილი კომპანია იყო.

კეზერაშვილთან დაკავშირებულ სარეკლამო სააგენტოთა შორის იყო ასევე: „მედია პორტი“, „ედ უინდფორსი“, „BSM ჯორჯია“.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის სიძე, მისი ბიზნესების ერთ-ერთი ნომინალური მმართველი იყო საქართველოში. 2012 წლის იანვარში ჩიქოვანი „ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის“ დირექტორი იყო, რომელიც ფოთის პორტში მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებდა. სწორედ აქ იკვეთებოდა კეზერაშვილის ინტერესები ფოთის პორტისადმი.

2011 წელს კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ „გალფის“ მესაკუთრე იყო. 2012 წლის ნოემბერში „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“ (რომელიც „გალფის“ დაახლოებით 140 ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებს საქართველოში) განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ამ კომპანიის ყველა აქცია დათმო. 2012 წლის ივლისამდე კეზერაშვილი შპს „უნიგრუპსაც” ფლობდა, რომელიც „ლუკოილის” პროდუქციის ექსკლუზიური დისტრიბუტორი იყო.

ნანა ჩხაიძე