„თავდაყირა ელვა“ მართლაც არსებობს და მეცნიერებმა ამ უცნაური ფენომენის საუკეთესო შემთხვევა დააფიქსირეს

tavdayira elva

ბუნების ერთ-ერთი უძლიერესი და მომაჯადოებელი ძალები შტორმებში იბადება: სინათლის ბზარები ცის ნაწილზე, რა დროსაც მიმდებარე ატმოსფეროში დიდი ოდენობით ელექტროენერგია გამოიყოფა და თუკი მოსწვდება, დედამიწამდეც აღწევს. 

ასეთია ტიპიური ელვა. თუმცა, ამ ფენომენს სხვანაირი გამოვლინებაც აქვს, რაც ჩვენთვის მხოლოდ ახლაღა გახდა ცნობილი: ზოგჯერ, ის ღრუბლებიდან მაღლა იფრქვევა და სტრატოსფეროში ელექტროენერგიის უზარმაზარი, ცისფერი ჭავლის სახით იჭრება.

ამ ფენომენის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი; არის არაპროგნოზირებადი და ჩვენი მხედველობის მიღმა, შტორმის ღრუბლების ფენის ზემოთ ხდება.

2018 წელს, მოყვარულ მეცნიერთა წყალობით, ერთი ასეთი გიგანტური ჭავლი ოკლაჰომაში, შტორმის დროს, ღრუბლებს ზემოთ დააფიქსირეს. სხვა ინსტრუმენტთა მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა ეს ფენომენი დეტალურად, სამ განზომილებაში შეისწავლეს.

შედეგები ამ უცნაური ფენომენის შესახებ ახალ დეტალებს გვთავაზობს, რის საფუძველზეც, შეიძლება უკეთესად დადგინდეს როგორ და რატომ ხდება ის. 

„შევძელით, რომ ეს გიგანტური ჭავლი სამ განზომილებაში გადაგვეტანა, თანაც მართლაც მაღალი ხარისხის მონაცემებით“, — ამბობს ჯორჯიის ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ფიზიკოსი და ინჟინერი ლევი ბოგსი.

მისი განცხადებით, ღრუბლებს მიღმა დაინახეს ძალიან მაღალი სიხშირის (VHF) წყაროები, რომლებიც აქამდე ასეთ დეტალებში დაფიქსირებული არ იყო. თანამგზავრული და რადარული მონაცემების გამოყენებით დაადგინეს, ღრუბლებს ზემოთ კონკრეტულად სად მდებარეობდა განმუხტვის ძლიერ ცხელი, წამყვანი ნაწილი.

2018 წლის 14 მაისის ღამეს, Watec-ის დაბალი განათების კამერით გადაღებული ელვის ჭავლი უზარმაზარი იყო, გიგანტური განმუხტვა, რომელიც აშკარად ჩანდა გადაღებულ ვიდეოში.

როდესაც ბოგსმა გადაღებული ვიდეომასალა შეისწავლა, მან დაუყოვნებლივ მოიძია იმ სხვა ინსტრუმენტთა მონაცემები, რომლებსაც შეიძლება ეს მოვლენა გადაეღო. ასეც მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ჭავლი ჩაწერილი ჰქონდა ახლომდებარე ელვის VHF სისტემას, სახელად Lightning Mapping Array-ს, ორ ახალი თაობის რადარ NEXRAD-ს და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ორ თანამგზავრს (GOES). 

ამდენი მონაცემის საშუალებით, ბოგსმა და მისმა კოლეგებმა სიღრმისეული ანალიზების ჩატარება და ელვის კომპლექსურობის რეკონსტრუქცია შეძლეს.

„უნიკალური მოვლენა იყო ის ფაქტი, რომ გიგანტური ჭავლი რამდენიმე სისტემამ დააფიქსირა, რამაც ამ ჭავლების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია მოგვცა“, — ამბობს უნივერსიტეტთა კოსმოსის კვლევების ასოციაციის (USRA) ფიზიკოსი და ინჟინერი დუგ მაჩი.

წყარო: პირველი არხი