საიდუმლო ამოხსნილია - რა არის იმ უჩვეულო ხმების წყარო, რომელიც მარიანის ღრმულში წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა

მარიანის ღრმული

მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, რა არის იმ უჩვეულო ხმების წყარო, რომლებიც მარიანის ღრმულში წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბრაიდის ვეშაპების სახეობა Balaenoptera edeni-ს წარმომადგენელთა ხმებია. დიდი ალბათობით, ასე ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ და არკვევენ, რამდენად ახლოს არიან მათი მეგობრები.

ვეშაპების ეს "ძახილი" პირველად 2014 წელს შენიშნეს, როცა მარიანის ღრმულში წყალქვეშა აკუსტიკურ კვლევას ატარებდნენ. ესაა მსოფლიოში ყველაზე ღრმა ოკეანური ღარი, რომელიც იაპონიის სამხრეთით 2 400 კილომეტრზე ვრცელდება და 10 935-მეტრიანი მაქსიმალური სიღრმე აქვს. იქ ჩაწერილი ხმები სამ კატეგორიად იყოფა: დაბალი ტონის ერთგვარი გრგვინვა, რომელიც მეორე ფაზაში უფრო ღრმავდება და მაღალი ტონის მეტალური წკრიალის ბგერები, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში არსებული კოსმოსური ხომალდების ხმას მოგვაგონებს.

მეცნიერებმა ზემოხსენებული ხმების წარმომავლობის განხილვა დაიწყეს და 2016 წელს გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამას უკბილო ვეშაპებთან ჰქონოდა კავშირი. ამის მიუხედავად, დაფიქსირებული აკუსტიკური ბგერები არცერთ ასეთ სახეობას შეესაბამებოდა. ახალი კვლევის ფარგლებში კი დაადასტურეს, რომ მსგავსი "ძახილი" სწორედ ბრაიდის ვეშაპებისთვისაა დამახასიათებელი. დასკვნის გამოტანაში მათ ხელოვნური ინტელექტი დაეხმარა, რომელმაც ოკეანური ხმების 200 000-საათიანი ჩანაწერი გააანალიზა.

მკვლევრებს ამაზე მიანიშნა მარიანის ღრმულის მიმდებარე კუნძულებთან 10 ასეთი ვეშაპის შენიშვნამაც, რომელთაგანაც 9 სპეციფიკურ ხმებს გამოსცემდა. ასევე, მათ ამ ძუძუმწოვრების მიგრაციის პერიოდებიც გაითვალისწინეს, რომლებიც უჩვეულო ხმების დაფიქსირების დროებს დაემთხვა. დადგინდა ისიც, რომ ეს ბგერები ბრაიდის ვეშაპების კონკრეტულ პოპულაციას ახასიათებს, რომელიც უფრო მეტად წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით გვხვდება.

წყარო