რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
ახალი კვლევა სიმსუქნეს ორ სხვადასხვა ქვეტიპად ყოფს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ეფექტები აქვს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ამ მიგნებამ შეიძლება მოგვცეს არა მხოლოდ უფრო სპეციფიკური მიდგომა წონასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოზირებისთვის, არამედ მიგვიყვანოს მათი მკურნალობის უფრო პერსონალიზებულ გზებამდეც.
ამ ეტაპზე, სიმსუქნის დიაგნოზს სხეულის მასის ინდექსის (BMI) გაზომვებით სვამენ, მაგრამ ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს მიდგომა ზედმეტად მარტივია და არსებობს შეცდომის რისკებიც იმის გამო, რომ უგულებელყოფს ინდივიდუალურ ბიოლოგიურ ვარიაციებს.
სიმსუქნის ერთ-ერთი ახლად იდენტიფიცირებული ტიპი ხასიათდება ცხიმის უფრო დიდი მასით, მეორე კი როგორც ცხიმით, ისე მჭლე კუნთოვანი მასით. მათდა გასაკვირად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მეორე ტიპი დაკავშირებული იყო ხშირ ანთებებთან, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია კიბოსა და სხვა დაავადებების რისკის ზრდასთან.
„წმინდად მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, პირველად ვიხილეთ, რომ არსებობს სიმსუქნის სულ მცირე ორი სხვადასხვა მეტაბოლური ქვეტიპი, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ფიზიოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლები აქვს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე. ამ აღმოჩენის კლინიკურად გამოსადეგ ტესტად გადაქცევამ ექიმებს შეიძლება პაციენტებზე უფრო ზუსტი ზრუნვის საშუალება მისცეს“, — ამბობს მიჩიგანის ვან ანდელის ინსტიტუტის ეპიგენეტიკის მკვლევარი ენდრიუ პოსპისილიკი.
მეცნიერებმა გამოიყენეს კვლევით პროექტ TwinsUK-ის მიერ შეგროვებული 153 ტყუპის მონაცემები, რომლებიც ეხებოდა იმ ოთხ მეტაბოლურ ქვეტიპს, რომლებიც გავლენას ახდენს სხეულის მასაზე: ორი მათგანი სიგამხდრისკენ არის მიდრეკილი, ორი კი სიმსუქნისკენ.
ამის შემდეგ, შედეგები დაადასტურეს ლაბორატორიის თაგვებზე; გამოიყენეს გენური ინჟინერიით გამოყვანილი გენეტიკურად იდენტური თაგვები, რომლებიც ერთსა და იმავე გარემოში გაზარდეს და აჭმევდნენ ერთნაირი ოდენობის საკვებს.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კიდევ რაღაც ხდებოდა კვების რაციონს, გარემოსა და მემკვიდრეობას მიღმა. ერთი სავარაუდო ახსნა მოიცავს ეპიგენეტიკურ მარკერებს — დნმ-ის მოლეკულებში მომხდარ არაკოდირებულ მოდიფიკაციებს, რომლებიც გენების წაკითხვის მეთოდს ცვლის. სწორედ ეპიგენეტიკაა იმის მიზეზი, რატომ არ არიან ყოველთვის იდენტურები ერთნაირი დნმ-ის კოდის მქონე ტყუპები.
„ლაბორატორიაში გაკეთებულმა აღმოჩენებმა თითქმის გადააკოპირა ადამიანი ტყუპების მონაცემები. კვლავ ვიხილეთ სიმსუქნის ორი სხვადასხვა ქვეტიპი, რომელთაგან ერთი ეპიგენეტიკურად სავარაუდოდ ეპიგენეტიკურად გამოწვეული იყო, გამოირჩეოდა დიდი მჭლე მასითა და ცხიმით, ძლიერი ანთებითი სიგნალებით, ინსულინის მაღალი დონით და ძლიერი ეპიგენეტიკური ხელწერით“, — ამბობს პოსპისილიკი.
მკვლევართა განცხადებით, სიმსუქნის მეორე ტიპი, რომელიც ანთებასთან არის დაკავშირებული, როგორც ჩანს, შემთხვევითობით არის გამოწვეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ასევე გამოდგეს ე. წ. აუხსნელი ფენოტიპური ცვალებადობის (UPV) კვლევაში — ეს არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, გენეტიკისა და გარემოს გარდა, სხვა ფაქტორებიც გვაქცევს ისეთებად, როგორებიც ვართ.
UPV-ის შესახებ მეცნიერები უკვე ას წელიწადზე მეტია ფიქრობენ და როგორც ეს კვლევა მიუთითებს, ეპიგენეტიკა UPV-სთან კავშირშია.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ხაზს უსვამს ადამიანებს შორის ამ ოდნავი სხვაობების ამოცნობის ძალას, რათა დაავადებას უფრო ზუსტი გზებით ვუმკურნალოთ“, — ამბობს პოსპისილიკი.
თუკი სიმსუქნის ორი (ან მეტი) ტიპი ადამიანებზე ცდებში მომავალში დადასტურდა, ამას მოჰყვება ის, რომ სიმსუქნის სამკურნალო სხვადასხვა საშუალებას — მაგალითად, ცვლილებებს კვების რაციონში ან წონაში კლების ქირურგიულ ჩარევას, შეიძლება განსხვავებული ეფექტები ჰქონდეს, იმის მიხედვით, თუ სიმსუქნის რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. ფაქტია, საფუძველი ჩაეყარა ამ მიმართულებით კვლევების სრულიად ახალ მიმართულებას.
ამჯერად, მეცნიერებს მათ მიერ იდენტიფიცირებული სიმსუქნის ორი ტიპის უფრო დეტალურად შესწავლა სურთ, რაც ექიმებს დიაგნოსტიკას და მკურნალობას გაცილებით გაუადვილებს.
„მსოფლიოში დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანია ჭარბწონიანი, მათ შორის 600 მილიონს სიმსუქნე აწუხებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, მიჩიგანის ვან ანდელის ინსტიტუტის ეპიგენეტიკის მკვლევარი ენდრიუ პოსპისილიკი.
კვლევა Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა. რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.