როგორ უნდა გაიგოთ როდისაა თქვენი პირადი ახალი წელი და როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ სურვილების ასრულება გინდათ

santelbi

რა უდევს საფუძვლად დაბადების დღის ტორტზე ანთებული სანთლების ჩაქრობისას სურვილის ჩაფიქრების  ტრადიციას? - ამ კითხვაზე პასუხს ასტროლოგ ხათუნა ნოელისგან მიიღებთ, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პირადი დაბადების დღე მაშინ არის, როცა ის დაიბადა.  

„ჩვენი დაბადების დღე, ესეც ფაქტობრივად, ახალი წელია. რადგან ჩვენთვის იწყება ახალი ციკლი, ახალი წელი, შეგვიძლია ახალ გეგმებს ჩავუყაროთ საფუძველი. სურვილის ჩასაფიქრებლად ეს ერთ-ერთი მშვენიერი დღეა. ოღონდ არა მსგავსი სურვილების, სადაც ვამბობთ – „ნეტავ“.

ეს არის გეგმა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული სურვილები, თუ რისი განხორციელება გვსურს წლის მანძილზე და როგორ ვაპირებთ ამის სისრულეში მოყვანას.

როგორც ვთქვი, ეს ახალი წელია, ასტროლოგიაში მას სოლარს უწოდებენ. როდესაც მზე, რომელიც ტრანზიტში მოძრაობს, მივა იმ წერტილზე, იმ გრადუსზე, რომელშიც ჩვენი დაბადების დღის მომენტში იდგა და შეუერთდება ნათალურ მზეს. როცა ერთ წერტილში მოიყრიან თავს, ამ დროს არის ჩვენი პირადი ახალი წელი.

საათმა შეიძლება მზის გრადუსი შეცვალოს. ხანდახან სოლარული წერტილი, რომელიც ჩვენს მზეს უერთდება, დაბადების დღეს არ ემთხვევა. რადგან მზე არათანაბარი სისწრაფით მოძრაობს, ასე რომ არ იყოს, ნაკიანი წლები არ გვექნებოდა.ამ არათანაბრობის გამო შეიძლება უშუალოდ ჩვენს დაბადების დღეზე შეუერთდეს ეს მოძრავი ტრანზიტული წერტილი ჩვენს მზეს, შესაძლოა წინა, ან მომდევნო დღეს.

კარგია, თუ ზუსტად გეცოდინებათ, რომელ გრადუსზე ხართ დაბადებული. ამის გასარკვევად, ასტროლოგს უნდა მიმართოთ. სწორად და სწორ დროს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, თორემ ტორტს რომ შემოიტანენ, ის მომენტი შეიძლება არ დაემთხვეს.

სურვილები ისეთი პრივატულია, ამის ხმამაღლა თქმა არასწორია. სურვილი ძირითადად ისაა, რასაც ნატრულობ. ნატვრა ყოველთვის ჩუმი და ხმადაბალია. სურვილის ჩაფიქრების პროცესი რა თქმა უნდა, შეიძლება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მოხდეს, მაგრამ გულში“, – ამბობს ასტროლოგი.