კუნძულ კრეტაზე უცნაური წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს

კუნძულ კრეტაზე უცნაური წრიული სტრუქტურა აღმოაჩინეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ერთ-ერთ ბორცვზე რგოლის ფორმის ქვის მონუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც 4000 წლის წინანდელია.

ქვის ხანის სტრუქტურის ფართობი 1800 კვადრატული მეტრია და ქალაქ კასტელის ჩრდილო-დასავლეთით, პაპურას ბორცვზე, აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო გათხრებისას აღმოაჩინეს.

ადგილზე ამჟამად არქეოლოგები მუშაობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ სტრუქტურა რიტუალური ან რელიგიური დანიშნულების უნდა ყოფილიყო.

ლაბირინთისებრი სტრუქტურა შედგება ქვის რვა კონცენტრული რგოლისგან, რომელთაგან თითოეულის სისქე საშუალოდ 1,4 მეტრია და ზოგიერთი სიმაღლეში 1,7 მეტრს აღწევს.

ახლად აღმოჩენილი სტრუქტურის არქიტექტორი კრეტის მინოსის კულტურის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რომელიც განთქმული იყო თავის მწვერვალების ნაკრძალებით — ბორცვებისა და მთის მწვერვალებზე აგებულ ძეგლებს ისინი რიტუალებისთვის იყენებდნენ.

ამ ძეგლებზე ხშირად გვხვდება მინოსური ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის, რელიგიური არქიტექტურა, ტერაკოტისგან დამზადებული ცხოველებისა და ადამიანის ფიგურები, ზოგჯერ კი სხეულის ცალკეული ნაწილები, რომლებსაც „შესაწირ კიდურებს“ უწოდებდნენ და გამოჯანმრთელების შემდეგ სამადლობლად სწირავდნენ.

 

თუმცა, უცნობია, იყო თუ არა პაპურას ბორცვის წრიული სტრუქტურა მწვერვალის ნაკრძალი. გარდა იმისა, რომ ბორცვის წვერზე მდებარეობს, საერთოდ არ ჰგავს ამ დრომდე აღმოჩენილ არცერთ სხვა მინოსურ სტრუქტურას. 

საბერძნეთის კულტურის სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ ამ ძეგლს შეიძლება პერიოდულად იყენებდნენ სარიტუალო ცერემონიებისთვის, რა დროსაც ჭამდნენ, სვამდნენ ღვინოს და მსხვერპლსაც სწირავდნენ, რაზეც მიუთითებს ადგილზე აღმოჩენილი ცხოველების ძალიან ბევრი ძვალი.

სტრუქტურა ძვ. წ. 2000 – 1700 წლებში გამოიყენებოდა, ანუ შუა მინოსურ პერიოდში. ამ პერიოდში კუნძულის მოსახლეობა დრამატულად გაიზარდა, განსაკუთრებით კნოსოსის, ფაისტოსის და მალიის. ამავე პერიოდში ააშენეს კრეტის სახელგანთქმული მინოსის სასახლე.

სასახლე ააშენეს ადგილზე, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენებოდა კომუნალური ცერემონიებისთვის. ძვ. წ. დაახლოებით 1750-1700 წლებში ბევრი სტრუქტურა დაინგრა. მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი მიწისძვრა იყო.

ძვ. წ. 1450 წლის შემდეგ, კუნძულზე საბერძნეთის კონტინენტური ნაწილიდან მოსული მიკენეელები გაბატონდნენ და მინოსელების მრავალი მწვერვალის ნაკრძალი გამოყენების გარეშე დარჩა.

ნეოპალაციური პერიოდის (ძვ. წ. 1750-1470) კერამიკის ნაშთები არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ძეგლი შუა მინოსურ პერიოდამდე გამოიყენებოდა.

საბერძნეთში მშენებლობის დაგეგმვა ნამდვილად რთული ამოცანაა, რადგან გეგმა ძალიან ხშირად იცვლება უძველეს ისტორიულ ძეგლთა აღმოჩენის გამო. მხოლოდ კასტელის აეროპორტის მშენებლობისას, უკვე 35 არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს.

საბერძნეთის კულტურის სამინისტრო დებს პირობას, რომ ეს სტრუქტურა მშენებლობას გადაურჩება.

„უნიკალური აღმოჩენაა. მონუმენტის არქეოლოგიური კვლევა დასრულდა და ის უკვე სრულად დაცულია. მისი დაცვა ჩვენი ყველას პრიორიტეტია. კარგად გვესმის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და ფასი“, — ამბობს საბერძნეთის კულტურის სამინისტროს არქეოლოგი ლინა მენდონი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.