ხელოვნური ინტელექტი პარკინსონს სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე პროგნოზირებს - კვლევა

კვლევა

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს. მათ ამით პარკინსონის დაავადების პროგნოზირება შეუძლიათ. მეთოდს დაავადების პროგნოზირება სიმპტომების გამოვლენამდე შვიდი წლით ადრე შეუძლია.

პარკინსონის დაავადება, ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომელიც ადამიანებს სულ უფრო ხშირად უვითარდებათ. მისი ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, მაგრამ ახალ კვლევას იმედის მომცემი შედეგები აქვს.

ამჟამად, პარკინსონის დიაგნოზი მოტორიკაზე დაკვირვებით ხდება. შესაბამისად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი უკვე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თუმცა, ახალ მეთოდს ამ მხრივ რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს.

"დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ტვინის უჯრედები სერიოზულად დაზიანდა, შემდგომში მათი აღდგენა ვეღარ ხერხდება", — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი კევინ მილსი.

დაავადების ადრეული გამოვლენა ექიმებს ბევრად ადრე ჩარევის საშუალებას მისცემს.

Interesting Engineering-თან მილსმა განმარტა, რომ სისხლში ახალი ბიომარკერების აღმოჩენა შეძლეს. ეს მარკერები პარკინსონის განვითარებასთანაა დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, პროგნოზირება 100-პროცენტიანი სიზუსტით მოხდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ძილის ქცევის დარღვევა (iRBD) აქვთ. iRBD პაციენტების დაახლოებით 75-80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელსაც ალფა-სინუკლეინის ცილის დაგროვება ახასიათებს. ეს ცილა საბოლოოდ პარკინსონთანაა დაკავშირებული.

მკვლევრები პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები გამართლდა, ჯგუფმა გამოავლინა 16 ადამიანი, რომლებსაც 7 წლის შემდეგ პარკინსონი განუვითარდათ.

"ეს ნიშნავს, რომ საკმურნალო თერაპია ადრეულ ეტაპზე ჩატარდება, რამაც შესაძლოა, შეანელოს დაავადების პროგრესირება ან სულაც, თავიდან აიცილოს მისი წარმოშობა", — აღნიშნულია კვლევაში.

მილსის თქმით, იმისთვის, რომ ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, საჭიროა 18 თვიდან 5 წლამდე. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება დაფინანსებებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩატარდება შემდეგი კვლევები. 

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.